22.09.2007

 

გამარჯვება ჩემპიონთან შეხვედრაში .

 

2007 წლის 22 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპ”-ს .

შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმე, პოზიციურ ბრძოლაში გაილია. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა ორივე გუნდის ფეხბურთელებს, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გამოიკვეთა ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა, სტუმრებს კი ხშირად უწევდათ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრი.

ყველაზე საინტერესო კი მატჩის უკანასკნელი 10 წუთი გამოდგა - 81-ე წუთზე გოგა ფიფიამ დააწინაურა მასპინძლები, 88-ეზე ალეკო კოშკაძემ ანგარიში გააყაიმა, ხოლო 90-ე წუთი კი მასპინძელთათვის ბედნიერი აღმოჩნდა - გოგა ფიფიამ მარგველებს გამარჯვება მოუტანა - 2-1 .

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ”ოლიმპ”-თან შეხვედრაში გოგა ფიფიას მიერ გატანილი პირველი გოლი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს 150-ე გოლი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

 

 

 

 

 

 

 

 

22/09/2007- ”ზესტაფონი”- “ოლიმპი” (რუსთავი) 2-1

დაწვრილებით:

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005