21.09.2007

 

ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან .

უკეთესობა იგრძნობა.

ჭელიძე კონფლიქტს უარყოფს და ჩემპიონობაზე ფიქრობს.

 

გიორგი ჭელიძის (”პაჭელოს”) მისვლა ”ზესტაფონ”-ს გვარიანად შეეშველა. 21 წლის თავდამსხმელი მაგარ ფორმაშია და აგერ წინა ტურში ხომ ”დილა”-ს დუბლი შეუსრულა, თანაც ლამაზ-ლამაზი გოლებით, თასზე ”კახეთ”-თანაც 2 გოლით გამოიჩინა თავი. ”პაჭელო” ”ზესტაფონ”-ში განათხოვრებითაა - ისევ მოსკოვის ”ლოკომოტივი”-ს ეკუთვნის. ჭელიძეს ფეროელთა წარმატებულ თამაშზე და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ვკითხეთ...

- შაბათს ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონი რუსთავის ”ოლიმპი” ჩამოდის. რას იტყვი მეტოქეზე?

- რუსთაველებს კარგი გუნდი ჰყავთ. ჩემპიონთან თამაში თავისთავად პრინციპულია - ”ოლიმპი” ყველანაირად ეცდება ქულები აგვართვას, მაგრამ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ამ მატჩისათვის სერიოზულად ვემზადებით და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ.

- დიდი ხანი არ არის, რაც ”ზესტაფონ”-ში თამაშობ, მაგრამ ჩანს, გუნდს იოლად შეეჩვიე და უკვე გოლებიც გაგაქვს. როგორ ფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ხარ?

- გოლები კი გავიტანე, მაგრამ ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ მიკლია.

- საქართველოს ჩემპიონატში ადრეც გითამაშია და ახლა, რუსეთ-უკრაინიდან დაბრუნებულს ჩვენს ჩემპიონატზე რა შთაბეჭდილება შეგექმნა?

- ჩემი აზრით, გასულ წლებთან შედარებით, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა.

- წლეულს ”ზესტაფონი”-ს მიზანი ჩემპიონობა და თასის აღებაა. კონკურენტებად ვის მიიჩნევ?

- ”დინამო”, ”ამერი”, ”ვიტ-ჯორჯია”, ”ოლიმპი” და სხვა გუნდებიც არიან, ფავორიტების გამწარება რომ შეუძლიათ. ისე, ”ზესტაფონ”-ს ყველა პირობა აქვს შექმნილი, სანუკვარ მიზანს რომ მიაღწიოს.

- ალბათ, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობაზეც ფიქრობ ...

- რომელი თავდამსხმელი არ ოცნებობს ამაზე?! ჩემი საქმე გოლების გატანაა და ვნახოთ... ”ზესტაფონ”-ში დეკემბრამდე ვარ იჯარით. მოსკოვის ”ლოკომოტივ”-ში 1 იანვარს უნდა ვიყო.

- შეიძლება, მეორე წრისთვისაც ”ზესტაფონ”-ში დარჩე?

- ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ისე, ამას არ გამოვრიცხავ.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პოლონეთთან მატჩის შემდეგ მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა აღარ გამოგიძახა. ითქვა, ხორვატთან კონფლიქტი მოუვიდაო...

- ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. უბრალოდ, სეგრტმა ამ ეტაპზე ასე ჩათვალა საჭიროდ.


გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005