2007 წლის 18 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა თელავის საფეხბურთო კლუბ ”კახეთ”-ს და დაამარცხა იგი დიდი ანგარიშით 4-0.
შეხვედრა ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. გიორგი ჭელიძემ გორში დაწყებული საგოლე საქმე ზესტაფონშიც გააგრძელა და კვლავაც ”დუბლი” მიითვალა. იმერელთა გოლეადორმა ამის გაკეთება შეხვედრის 25-ე და 29-ე წუთებზე მოახერხა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვასხვაძემ ანგარიში 3-0 გახადა, ხოლო ამის შემდეგ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა ზესტაფონელთა გაბონელი ლეგიონერის ეტიენ ბიტო’ოს სადებიუტო გოლიც იხილა - შედეგად, მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვება 4-0 .