ზესტაფონი ზამთრამდეც და მერეც.
ოთხი ტურის შემდეგ ”ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატის ცხრილის თავშია. იმერლები სტარტზე შინ თბილისის ”ვიტ-ჯორჯია”-ს დაუზავდნენ, მას შემდეგ კი მიჯრით სამჯერ იმარჯვეს: სტუმრად ”მესხეთი” დაამარცხეს, შინ კი ”მგლებ”-სა და ”ლოკომოტივ”-ს სძლიეს.
”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძეს ”ნორჩ დინამოელზე” ფეროელთა ვარჯიშის შემდეგ ვესაუბრეთ ...
- სეზონის პირველი მატჩები ყოველთვის რთულია, თან ჩვენთან ის საშინელი ამბავი მოხდა, სანტოსის მეუღლე რომ შეურაცჰყვეს. ამან გუნდზეც იმოქმედა და პირველ ტურში ”ვიტ-ჯორჯია”-სთან წაფორხილებაც ნაწილობრივ ამის ბრალი იყო. ”მგლებ”-თან პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა. ”მესხეთ”-თან და ”ლოკომოტივ”-თან კი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ .
- ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ - ჭელიძე, ლობჟანიძე ...
- მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჭელიძეს მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია, მაინც კარგად ჩაჯდა გუნდის სქემაში, თუმც ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ უკლია. ახლახან ახალგაზრდა, პერსპექტიული მცველი უჩა ლობჟანიძეც დავიმატეთ, გუნდს დაუბრუნდა ბექა გოცირიძე, ორ კვირაში კი გიორგი ნუგზარის-ძე ჭელიძეც შემოგვიერთდება, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს.
- თქვენთან ვარჯიშობს გაბონელი თავდამსხმელი ეტიენ ბიტოოც ...
- თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბიტოო მომდევნო ტურში უკვე ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელი იქნება.
- ცხადია, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებთ ...
- პროგრამა მინიმუმი ევროთასებზე გასვლაა. ზამთრის შესვენების შემდეგ ”ზესტაფონი” გაცილებით უკეთ ითამაშებს. ახლა მთავარი ისაა, რომ სვლა არ შევანელოთ.
- მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ ?
- ჩემპიონატი კარგად დაიწყეს ”ვიტ-ჯორჯია”-მ, ”დინამო”-მ, ”ოლიმპ”-მა. მიუხედავად იმისა, რომ ”ამერ”-მა თავიდან წაიფორხილა, ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მივიჩნევ.
|