თბილისი - ზესტაფონი 0:1. იღბალი ძლიერის ხვედრია ?

- მიმდინარეობდა არბიტრის მიერ დამატებული დრო და ყველაფერი ლოგიკურად მთავრდებოდა - თანაბარი ძალის მეტოქეებს ერთმანეთში ქულები უნდა გაეყოთ . ზესტაფონელებმა , უფრო ინერციით , მარჯვენა ფრთიდან კომბინაცია წამოიწყეს . ჩხეტიანმა მეტოქის კართან მორიგი " პარაშუტი " ჩაჰკიდა . მაღალი ბურთი მეკარე სომხიშვილის ადვილი ნადავლი გახდა - ჩემიაო , დაიძახა და ის იყო ხელებში დააფიქსირა , მოულოდნელად გაუვარდა .

ქურდს რა უნდოდა , ბნელი ღამეო - იქვე მდგომმა კვერნაძემ ყოფილი ზესტაფონელი მეკარის საჩუქარი ისე შეირგო , წარბი არ დაუხამხამებია - ბურთი სტუმართა კარში გადაგზავნა . რამდენიმე წამში არბიტრის სასტვენიც გაისმა . ცხადია , ზესტაფონელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა , ხელმოცარული გიორგი სომხიშვილი კი სიმწრისგან დიდხანს გორაობდა " ოლიმპის " ხასხასა მინდორზე .

ამბობენ , ბედი ძლიერის მხარესააო , თუმცა გუშინდელი მატჩის მიხედვით იმის მტკიცება , რომ " ზესტაფონი " ამ მომენტში დედაქალაქურ კლუბს თამაშის ხარისხით სჯობია , ნამდვილად არ შემიძლია . უფრო მეტიც , სახიფათო მომენტების მიხედვით , მასპინძლებმა მეტოქეს გადააჭარბეს .

თუნდაც მატჩის მეორე ნახევარში ფიფიას სოლო - რეიდი , რამდენიმე მოტყუებული მცველი და მხოლოდ ბოლო მომენტში , ახლო მანძილიდან გაცუდებული დარტყმა რად ღირს . ალბათ , ასეთი გამოუყენებელი მომენტების გამო დაისაჯა " თბილისი ". არადა , დედაქალაქელებისგან ეს ნაკლი მოსალოდნელიც იყო - გუნდის საშუალო ასაკი ხომ 19 წელს არ აღემატება .

რაც შეეხება ზესტაფონელებს , მათი ამბიციებიდან და რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე , აშკარად მეტს მოველოდით . ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა , გუნდი გადაიღალა და დასვენება სჭირდება . საქმეში ჩახედ - ნელა ფორმაში ჩადგებაო . იმედი ვიქონიოთ , რომ ასეც მოხდება .

თუ ზესტაფონელთა სათამაშო ტაქტიკას განვიხილავთ , იგი ზედმეტად ფრთხილი , აკადემიური გვეჩვენა . შეტევის ხაზში იმერლები ერთი " სუფთა " თავდამსხმელის , იონანიძის იმედად არიან , ნახევარმცველებისგან კი იგი მაინცდამაინც აქტიურ დახმარებას ვერ იღებდა . გამონაკლისი , მარცხენა ფლანგზე მოთამაშე გოცირიძე იყო . ბექამ რამოდენიმეჯერ ფლანგური გარღვევა და ხიფათის შექმნა კი შეძლო , მაგრამ შეტევის დამაგვირგვინებელ სტადიაში თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს .

ზესტაფონელთა თავკაცის თემურ მახარაძის აქტივში უნდა ჩაითვალოს ის , რომ შედეგიანი შეცვლა განახორციელა : მართალია , კვერნაძის გოლი მეტოქე გუნდის კარის დარაჯის შეცდომამ განაპირობა , მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება .

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005