ილია კოკაიას ფილოსოფია: მივხედოთ ქართულ ფეხბურთს !
”ზესტაფონი”-ს მიმართ ამ ბოლო ხანს ინტერესი გაიზარდა - იმერულმა კლუბმა მოსკოვის ”ლოკომოტივი”-დან გიორგი ჭელიძე ჩამოიყვანა, მალე ახალ საწვრთნელ ბაზას აიშენებს, ცენტრალურ სტადიონს შეიძენს, 3-4 ფეხბურთელს დაიმატებს და ... მოკლედ რომ ვთქვათ, სწორ გზაზე დგას. გუშინ ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტ, ილია კოკაიას შევხდით და ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ. ბუნებრივია, გვერდი ვერც სანტოსის გახმაურებულ ამბავს ავუარეთ...
- საფეხბურთო კლუბის შენახვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თანაც, საქართველოში ფეხბურთი ჯერ-ჯერობით ბიზნესი ვერ არის - აქ ფულს ხარჯავთ, მაგრამ იცით, მოგება რომ ნახოთ, ამას დიდი დრო სჭირდება ...
- მე ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ ქართულ ფეხბურთს დავეხმარო და ამით ბედნიერი ვარ. ახლობლები მეუბნებიან, რა ფინანსებსაც გუნდს ახმარ, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის წლიურ აბონემენტს შეიძენ და კარგ ფეხბურთსაც ნახავო, მაგრამ, ხომ იცით, ადამიანები ფულს თავისი სიამოვნებისთვის ხარჯავენ და ჩემი სიამოვნებაც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონია” .
- ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და თქვენმა გუნდმა შინ ფრე ითამაშა ”ვიტ-ჯორჯია”-სთან. რას იტყვით ამ მატჩზე?
- შეფასებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - მე მჯერა თემურ მახარაძის .
- რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ამ სეზონში?
- ჩემი გუნდი ყოველთვის მაქსიმუმის მისაღწევად იბრძვის. შარშან თასის ფინალი კიდეც რომ მოგვეგო, ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვიქნებოდით. ყველაზე ღირებული საქართველოს ჩემპიონობაა და ამის მისაღწევად წლეულს ვიბრძოლებთ.
- ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
- ჩვენი ფეხბურთის თავის ტკივილი და უბედურება იმაშია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში თამაში აღარ სურთ და საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ კლუბებში გარბიან. ამით ქართული ფეხბურთი ფაქტობრივად სამარდება. ფეხბურთელი აქ უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ უნდა მიდიოდეს საზღვარგარეთ. ფედერაციამ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს მუშაობა. სამწუხაროდ, აქაური კანონმდებლობით ახალგაზრდა ფეხბურთელთან მხოლოდ 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეგვიძლია, რაც ძალიან ცუდია. ვთქვათ, 16 წლის ფეხბურთელთან გავაფორმეთ 3-წლიანი კონტრაქტი. 2 წლის შემდეგ ის მოდის, იხდის საკომპენსაციო თანხას და მიდის. მოგეხსენებათ, ფეხბურთელს რამდენი რამ სჭირდება - მას საკმაო თანხებს ახარჯავ, წვრთნი, ზრდი, ის კი დაკრავს ფეხს და წავა. ამიტომ უნდა გვქონდეს ხანგრძლივი კონტრაქტის უფლება. კარგი ფეხბურთელი რომ გახდება, ძლიერ ევროპულ კლუბში გადასვლაში რომელი ჭკუათმყოფელი შეუშლის ხელს ?!
- ქართული ფეხბურთის პრიორიტეტი რა უნდა იყოს?
- ეროვნულ ჩემპიონატს უნდა მივხედოთ, საქართველოში რამდენიმე უცხოელი მწვრთნელი მუშაობს და ყველა ერთხმად ამბობს, რომ აქ იმდენი ტალანტია, სწორად აღზრდის შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი აუცილებლად ფეხზე დადგება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, კარგი ლეგიონერებიც უნდა ჩამოვიყვანოთ და ახალგაზრდები მათგან ბევრ რამეს ისწავლიან. ეროვნულ ჩემპიონატს რომ მივხედავთ, ნაკრებსაც ეშველება. ეროვნული ნაკრები მხოლოდ ლეგიონერებზე არ უნდა იყოს დაყრდნობილი.
- თქვენი კლუბის ასაკობრივ გუნდებში რა ხდება?
- ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად, მაგრამ ამ მხრივაც მიდის მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში დგას, მცოდნე მწვრთნელების ნაკლებობაა. ჩვენთან ლიცენზია ბევრს აქვს, მაგრამ ცოდნა ანბანის დონისაც არ გააჩნიათ. უკვე რამდენიმე ლიცენზირებული მწვრთნელი დავითხოვეთ - მათ ელემენტარული საკითხები არ იცოდნენ და ლიცენზიები ვინ მისცა ?! თუ ვინმე მწვრთნელია, მობრძანდეს და დავასაქმებთ - 4-5 მწვრთნელი გვჭირდება, მაგრამ არიან კი ?!
- როგორც ვიცით, ”ზესტაფონ”-ს მალე საკუთარი საწვრთნელი ბაზა ექნება ...
- ადგილიც შერჩეული გვაქვს. დაახლოებით, 10 ჰექტარი მიწაა, სადაც 6-7 მოედანს გავაკეთებთ. ბაზა ევროპული დონის იქნება.
- ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი ისევ სახელმწიფოს საკუთრებაა?
- მალე სტადიონი აუქციონზე გავა და, ალბათ, ჩვენი გახდება. წინააღმდეგი არ ვარ, სხვამ აიღოს და გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ მინდვრის საფარის გამოცვლაში და გასახდელების გაკეთებაში საკმაო თანხები დავხარჯეთ. ხოლო ჩვენ თუ ავიღეთ, უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით, მეორე-მესამე კლასის სარბიელი გაკეთდება ზესტაფონში.
- ზესტაფონი ერთ-ერთი მაყურებელმრავალი ქალაქია საქართველოში. პროფლიგის წამოწყებას - ბილეთების გაყიდვას - როგორ შეხვდა ხალხი ?
- ძალიან მიხარია, რომ ზესტაფონში გულშემატკივარი მოვიდა და 600 ბილეთიც იყიდა. იმედი მაქვს, მომავალში ეს რაოდენობა გაიზრდება. ფეხბურთი შოუდ უნდა ვაქციოთ, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანაშია - გულშემატკივარს სტადიონზე კარგი სიტუაცია უნდა დახვდეს, სიამოვნება უნდა მიიღოს .
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის ”ლოკომოტივი”-ს თავდამსხმელი გიორგი ჭელიძე თქვენთან ვარჯიშობს. როდის გადაწყდება მისი საკითხი?
- უკვე გადაწყვეტილია და იგი ჩვენთან იჯარით ითამაშებს. მოსკოვურ პირობებს ვერ შევუქმნით, ნაკლები ანაზღაურება ექნება, მაგრამ მან ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის სურვილი გამოთქვა, რაც მისასალმებელია.
- კიდევ ხომ არ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას ?
- 3-4 ფეხბურთელს დავიმატებთ, ოღონდ ვის, ამას ჯერ ვერ გეტყვით .
- ბოლოს, გახმაურებულ სამარცხვინო ამბავზეც გკითხავთ: ბრაზილიელი სანტოსის მეუღლე შეურაცხჰყვეს და ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა ...
- ძალიან სამარცხვინო ამბავი მოხდა. ჩვენ გავითვალისწინეთ ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და 2 თვით გავუშვით სახლში. სამწუხაროდ, გარეწრები ყველგან არიან. ცუდია, რომ ზესტაფონში ასეთი ფაქტი მოხდა. სამართალდამცავები ამ ამბავს იკვლევენ და იმედი მაქვს, დანაშაულს გახსნიან. ყველანაირად ვეცდებით, სანტოსი დავარწმუნოთ, რომ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა და საქართველოში დავაბრუნოთ.
|