ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთის ჩემპიონთან.
2007 წლის 30 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების მეორე სპარინგ-მატჩი. ამჯერად იმერელთა მეტოქე გახლდათ ტაჯიკეთის ხუთგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი ”რეგარ-ტადაზი” ქალაქ ტურსუნზადედან.
ზესტაფონელებმა იასპარეზეს შემდეგი შემადგენლობით : ჭანტურია (რ. კვასხვაძე,46), თოდუა, საჯაია, ღონღაძე (ჯიშკარიანი,46), ვიეირა (ქორიძე, 46), კ.ჩხეტიანი (ხიდეშელი, 46), რ.ონიანი , კესანი , ნ. კვასხვაძე (ბენაშვილი 46), იონანიძე (გ.ჩხეტიანი,46), ფიფია .
ტაჯიკეთის მოქმედ ჩემპიონთან და დ.ს.თ.-ს თასის უკანასკნელი გათამაშების მონაწილესთან შეხვედრა ზესტაფონელთათვის პირველივე წუთებიდან წარმატებულად წარიმართა. ზემოიმერელთა პირველივე შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა - გოგი ფიფიას გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ კვასხვაძემ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”დააწინაურა - 1-0.
ქართველებს ამის შემდეგაც არაერთხელ შეეძლოთ შუააზიელების კარის დალაშქვრა, თუმცა გოგი ფიფიამ, ნიკოლოზ კვასხვაძემ და ორჯერ გაგა ჩხეტიანმა ვერ გამოიყენეს ხელსაყრელი მომენტები. სამაგიეროდ, საგოლე მომენტების რეალიზების საქმეში ივარგა ზესტაფონელთა გაბონელმა ლეგიონერმა პოლ კესანიმ. შეხვედრის ბოლოსწინა, 89-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც ალექსი ბენაშვილმა კუთხური ჩამოაწოდა, მან ლამაზ ნახტომში ბურთი ტაჯიკთა კარის ბადეში გადაგზავნა. შედეგად, ზესტაფონელთა დამსახურებული გამარჯვება - 2-0.
|
30/07/2007- "ზესტაფონი"- “რეგარ-ტადაზი” (ტაჯიკეთი) 2-0 |
|
|