ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება.
2007 წლის 26 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების პირველი საკონტროლო შეხვედრა, ქართველთა მეტოქე გახლდათ ირანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი ”სანატ ნაფთი” ქალაქ აბადანიდან.
ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა : ჭანტურია (რ. კვასხვაძე,46), თოდუა, ღონღაძე, საჯაია (ქორიძე, 46), ვიეირა (ხიდეშელი, 46), კ.ჩხეტიანი, რ.ონიანი (ჯიშკარიანი,46), კესანი (დაუშვილი,46), ბენაშვილი (ნ. კვასხვაძე, 46), გ.ჩხეტიანი, ფიფია (იონანიძე,46).
შეხვედრა ”სანატ ნაფთ”-თან, რომლის რიგებშიც 2 ურუგვაელი და 2 ბრაზილიელი ლეგიონერი ასპარეზობდნენ, ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქართველთა უპირატესობა პირველ ტაიმში - ზესტაფონელებმა გაანიავეს უმრავი საგოლე შესაძლებლობა. სპარსელთა კარის აღების შანსი ჰქონდათ - ორ-ორჯერ ალექსი ბენაშვილსა და პოლ კესანის, ერთხელაც გოგი ფიფიას. ასეთი უიღბლობის მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულს მარგვეთის წარმომადგენლებმა შეძლეს ირანელთა კარის აღება - 43-ე წუთზე ეს გაგა ჩხეტიანმა მოახერხა - 1-0 .
შესვენებისას თემურ მახარაძემ ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი შეცვალა. თუმცა, ამას მატჩის მიმდინარეობაზე დიდად არ უმოქმედია - ზესტაფონელები ფლობდნენ შეხვედრის სადავეებს, მაგრამ კვლავაც მოიკოჭლებდნენ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. 88-ე წუთზე კი უამრავი საგოლე მომენტის განიავების გამო ქართველები დაისაჯნენ კიდეც - ირანელთა იშვიათ შეტევას საპასუხო გოლი მოჰყვა, შედეგად ფრე - 1-1.
|
26/07/2007- "ზესტაფონი"- “სანატ ნაფთი” (ირანი) - 1-1 |
|
|