12.07.2007

 

ინტერვიუ ნიკა კვასხვაძესთან .

არშემდგარი მეკარე კვასხვაძეების დინასტიიდან .

 

ნიკა კვასხვაძე

19 წლის მარჯვენაფლანგელი ნიკა კვასხვაძე ”ზესტაფონ”-ში შარშან გამოჩნდა და მალე გუნდისთვის ერთ-ერთ საჭირო ფეხბურთელად იქცა. მაღალი, სწრაფი და მებრძოლი ნახევარმცველი ხშირ შემთხვევაში თავისი ფლანგის ბატონ-პატრონი იყო. დიდი კონკურენციის გამო, ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ვერ ხვდებოდა, თუმცა, საერთო ჯამში, 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა...

ნიკა საფეხბურთო ოჯახიდანაა. იგი ქუთაისის ”ტორპედო”-ს სახელოვანი მეკარის როინ კვასხვაძის შვილიშვილია. მამამისი გია კვასხვაძე ”ტორპედო”-ს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, უმცროსი ძმა როინ კვასხვაძე კი ნიკას თანაგუნდელია და ”ზესტაფონ”-ში მეკარე გრიგოლ ჭანტურიას დუბლიორად ითვლება...

- ნიკა, ბაბუაშენი მეკარე იყო, შენი უმცროსი ძმა მის კვალს გაჰყვა, ფიზიკური მონაცემები ისეთი გაქვს, რომ შესაძლოა, შენგანაც კარგი გოლკიპერი დამდგარიყო, ”ოჯახურ ამპლუას” გარეთ თამაში რატომ ამჯობინე?

- სხვათაშორის, თავიდან მეც მეკარედ მზრდიდნენ. 6 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაში რომ დავიწყე და 9 წლამდე კარში ვიდექი. ჩემი ძმა კი პირიქით - პატარაობისას თავდასხმაში თამაშობდა. ორივე მამაჩემის გუნდში, ქუთაისის ”მემორიალ”-ში ვიზრდებოდით. პატარაობისას საკმაოდ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და კარში ვერ ვჩერდებოდი. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე გარეთ გამომიყვანეს, ჩემს ძმას კი კარში მიუჩინეს ადგილი...

- ახლა ორივე ”ზესტაფონი”-ს ღირსებას იცავთ, იმერულ კლუბში ერთად ჩაირიცხეთ?

- არა, როინი გუნდში ჩემზე ადრე მივიდა. მე კი ”ზესტაფონ”-ში 1 წლის წინათ ჩავირიცხე... იმერულ გუნდში კობა ჟორჟიკაშვილმა მიმიყვანა, თავიდან ”ზესტაფონი-2”-ში უნდა მეთამაშა, მაგრამ გერმანიაში საკონტროლო მატჩებში თავი კარგად წარმოვაჩინე და იმთავითვე ძირითად გუნდში გადამიყვანეს.

- ”ზესტაფონი”-ს ძირითადში მალე დაიმკვიდრე ადგილი, რაც გუნდში არსებული კონკურენციის პირობებში ადვილი არ იქნებოდა ...

- რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის აწყობილ გუნდში საკუთარი ადგილის პოვნა ძალიან რთულია. პირველი 4 ტური სათადარიგოთა სკამზე გავატარე. იმ დროს ”ზესტაფონ”-ს მერაბ კოჭლაშვილი წვრთნიდა, მან მხოლოდ ორჯერ, ისიც ბოლო წუთებზე შემიშვა მოედანზე. თემურ მახარაძის მოსვლის შემდეგ კი ჩემთვის ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. მას მერე ”ზესტაფონი”-ს რიგებში სისტემატურად ვთამაშობ, ხან ძირითადში, ხანაც შეცვლებზე. მახარაძემ თავის გამოჩენის შანსი მომცა და ვფიქრობ, თავი მეც არ შემირცხვენია. გასულ სეზონში საუკეთესო მატჩი ბათუმელებთან ჩავატარე. ზღვისპირელებთან დუბლი შევასრულე და ჩემთვის ეს თამაში ამითაც არის გამოსარჩევი.

- სხვათაშორის, თემურ მახარაძემ აღნიშნა, კვასხვაძეს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა, გუნდისთვის საკვანძო ფიგურად იქცაო ...

- სასიხარულოა, როცა მწვრთნელისგან ასეთ კომპლიმენტებს ისმენ. თემურ მახარაძე კარგი სპეციალისტია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და თუ ფეხბურთში რაიმეს მივაღწევ, ეს მისი დიდი დამსახურებაც იქნება.

- შენს პოზიციაზე რომელი ფეხბურთელი მიგაჩნია საუკეთესოდ?

- ჩემი აზრით, მარჯვენა ფლანგზე მსოფლიოში რიბერია საუკეთესო. საქართველოში კი დოლიძეს გამოვარჩევდი.

- 19-წლამდელთა ნაკრების წევრი უკვე ხარ, ალბათ, ახალგაზრდულში მოხვედრასაც ფიქრობ?

- ჭაბუკთა ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ბოლო დროს თამაშის საშუალება აღარ მოუციათ. კლუბში თამაშით ვეცდები დავამტკიცო, რომ ასაკობრივ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ. დანარჩენი კი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ნაკრებზე ვფიქრობ და თუ იქ თამაშის შანსი მომეცემა, ბედნიერი ვიქნები.

- ახლა ”ზესტაფონ”-ზე ვისაუბროთ. ზედიზედ სამი სეზონია, გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ საბოლოოდ ხელმოცარული რჩება ხოლმე. როგორ ფიქრობ, რა არის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

- ალბათ, უიღბლობა. ერთი წელიწადია, ”ზესტაფონ”-ში ვარ და ეს იმედგაცრუება საკუთარ თავზეც გამოვცადე. ჩემპიონატზეც და თასზეც მიზნამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ იღბლის გარეშე ფეხბურთში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია.

- თასის ფინალში ”ამერ”-თან საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარე. ალბათ, გული ძალიან დაგწყდა?

- 19 - წლამდე ნაკრებში ვიყავი გამოძახებული და შოტლანდიაში ვიმყოფებოდი. ისე მოხდა, რომ ნაკრებში არ მათამაშეს და ”ზესტაფონ”-საც დავაკლდი. გული მისკდებოდა, როცა ტელევიზორში ვხედავდი, ჩვენები როგორ მარცხდებოდნენ, მაგრამ რა უნდა მეღონა?

- ”ტობოლი”-ს თემას გვერდს ვერ ავუვლით. ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ყაზახური გუნდი ”ზესტაფონი”-სთვის გადაულახავი ბარიერი იქნებოდა ...

- დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ ეტაპს გადავლახავდით, მაგრამ პირველ მატჩში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და უიმედოთ დავმარცხდით. მიზეზებზე უკვე ბევრი ითქვა და აღარ გავიმეორებ. მართლაც რთულ ვითარებაში ვიყავით, თორემ ასეთი რამ არ დაგვემართებოდა. განმეორებით მატჩში დავამტკიცეთ, რომ ”ტობოლ”-ზე ძლიერი გუნდი გვყავს... თბილისში მეტოქე დავჯაბნეთ და 2 გოლი შევუგდეთ, მეორე ტაიმში კი უკვე სუნთქვაც გვიჭირდა, ძალიან დაღლილები ვიყავით. ჩვენ რომ სათანადო ფორმაში ვყოფილიყავით, ”ტობოლი”-სთვის 4 გოლის გატანასაც მოვახერხებდით.

- ინტერტოტოზე განცდილი ფიასკო გუნდზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს?

- არანაირად. ეს წარუმატებლობა უნდა დავივიწყოთ. ინტერტოტოზე ასპარეზობით გამოცდილება შევიძინეთ და ჩემპიონატში უფრო შემართულები ვიქნებით. ”ზესტაფონი” ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და იმედია, ამჯერად მაინც გაგვიმართლებს.

- გუნდში 4 ლეგიონერი გყავთ. მათთან როგორი დამოკიდებულება გაქვს და შენი აზრით, რითი განსხვავდებიან ისინი ქართველი ფეხბურთელებისაგან?

- ძალიან კარგი ბიჭები არიან. ყველაზე მეტად ვიეირას დავუახლოვდი და ვმეგობრობთ კიდეც... ქართველ ფეხბურთელებზე ორი თავით მაღლა ნამდვილად არ დგანან, მაგრამ ჩვენს გუნდში კარგად ჩაჯდნენ და ”ზესტაფონი”-სთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

- დღეს ყველა საზღვარგარეთ თამაშზე ოცნებობს და ალბათ, გამონაკლისი შენც არ იქნები?

- 19 წლის ვარ და ორი წელიწადი კიდევ შეიძლება საქართველოში თამაში და გამოცდილების დაგროვება, მაგრამ არ მინდა, რომ აქ დიდხანს ჩავრჩე. კლასის ასამაღლებლად და კარიერის ასაწყობად უცხოეთში წასვლა აუცილებელია. ჯერჯერობით, ”ზესტაფონი”-ს საკუთრება ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტით კიდევ ერთი წელი ვარ დაკავშირებული... მთავარია, რომ სათამაშო პრაქტიკა მაქვს. თუ საგაისოდ უცხოური კლუბის გამოჩნდება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.

გაზეთი ”ლელო” (იბეჭდება შემოკლებებით)
   
FC ZESTAFONI © 2005