28.05.2007

 

”ზესტაფონი” თბილისში ემზადება ...

გაზეთ ”სარბიელი”-ს პუბლიკაცია

 

ყაზახურ ”ტობოლ”-თან საპასუხო მატჩისთავის ”ზესტაფონი” თბილისში ემზადება... გუშინ იმერლებმა ”ნორჩი დინამოელი”-ს მოედანზე საათნახევარი ივარჯიშეს...

... ახლა კი ის ვთქვათ, რა ხდებოდა ვარჯიშზე...

თავიდან იყო მოთელვა, შემდეგ კვადრატი და სტანდარტული მდგომარეობების დამუშავება, მოგვიანებით კი მახარაძემ ნახევარ მოედანზე ფეხბურთი ათამაშა ბიჭებს. ვარჯიში აზიდვებით დასრულდა და როგორც შევამჩნიეთ, ზესტაფონელები უხასიათობას ნამდვილად არ უჩივიან. შეიძლება ითქვას, მათ არ ეტყობოდათ, რომ რამდენიმე დღის წინ ”ტობოლ”-თან 0-3 წააგეს და, ღმერთმა ქნას, საპასუხო მატჩის შემდეგაც ასეთ განწყობაზე იყვნენ ...

ვარჯიშის დასრულებისთანავე ”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძეს ”ტობოლ”-თან ავადსახსენებელ მატჩზე ვკითხეთ ...

- ჯერ იმას ვიტყვი,რომ ვერა და ვერ მოვახერხეთ ყაზახეთში დროულად გაფრენა. ბედის დაცინვასავით იყო - ზედიზედ ორი თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. კუსტანაიში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავედით. ფეხბურთელები კი არა, მე ვერ განვეწყვე ისე, როგორც საჭიროა. ისეთი დაღლილი ვიყავი, მატჩის წინ ბიჭები ხეირიანად ვერც დავარიგე.

- და მიუხედავად ამისა, ”ტობოლ”-თან ასე უნდა აგებდეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი?

- აი, ჩვენ რაში ვცდებით ... და აუცილებლად რატომ უნდა უგებდეს ქართული გუნდი ყაზახურს? კლუბს, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიონი დოლარია, ფეხბურთელს საშუალო ხელფასი 10 ათასი დოლარი, გააჩნია ბაზა და ყველანაირი პირობა, რათა მაღალ დონეზე ითამაშოს... ამას დაუმატეთ ის, რომ იქ გახურებული ჩემპიონატია. ჩვენ კი ვარჯიში ორი კვირაა, რაც დავიწყეთ, პლუს შალვა ღონღაძის ტრავმა და დამქანცველი მგზავრობა. ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი.

- ამით რა გინდათ თქვათ, რომ ”ზესტაფონ”-ს ცუდი პირობები აქვს და ასეთი სამარცხვინო შედეგი ამის ბრალია?

- ამას არ ვამბობ, უბრალოდ, შედარებას ვაკეთებ ჩვენსა და ”ტობოლ”-ს შორის. ჩვენ პირობებზე საწუწუნო არაფერი გვაქვს - საქართველოში ”ზესტაფონი” ერთ-ერთი იმათთაგანაი, ვისაც საუკეთესო პირობები აქვს.

- ”ტობოლ”- თან მარცხის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, ცხადია, უკმაყოფილო იქნებოდა ...

- ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს რეალურად უყურებს და იცის, თუ რამხელა განსხვავებაა სადღეისოდ ”ზესტაფონ”-სა და ”ტობოლ”-ს შორის .

- საპასუხო მატჩისთვის ფეხბურთელების მზადყოფნა როგორია?

- უმრავლესობა მწყობრშია. შემოგვიერთდა შალვა ღონღაძე, რომელიც გაცივებული იყო. დღეს კუნთი დაეჭიმა გიორგი ჭელიძეს, მაგრამ, ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერი იქნება.

- თქვენი შეფასებებიდან გამომდინარე, რას უნდა ელოდოს ”ზესტაფონი”-ს ქომაგი საპასუხო მატჩში?

- ვპირდებით, რომ ყაზახებს დიდ ბრძოლას გავუმართავთ და ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ.

- და ერთიც: ვარჯიშის დაწყებამდე ესაუბრეთ ზურაბ იონანიძეს, რომელიც კლუბმა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ტრანსფერზე დააყენა. ითქვა, იონანიძე ”ზესტაფონ”-ს უბრუნდებაო...

- კლუბმა მართლაც დააყენა იონანიძე ტრანსფერზე და მას ”მერანი”-ს ვარიანტიც შევთავაზეთ, მაგრამ იქ გადასვლა იუარა. ”ტობოლ”-თან მატჩის შემდეგ კი ბორჯომში ვაპირებთ შეკრებაზე წასვლას და იონანიძე იქ წამოგვყვება.

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005