ინტერვიუ გოგი ფიფიასთან.
დარწმუნებული ვარ, ”ტობოლ”-ს მოვუგებთ.
ინტერტოტოს თასის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონ”-მა ყაზახურ ”ტობოლ”-თან სტუმრად 0-3 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იოტისხელა შანსი შერჩა. ზესტაფონელთა შემტევი გოგი ფიფია გუშინ ”ლოკომოტივი” - ”ოლიმპი”-ს საკონტროლო მატჩზე გახლდათ და ყაზახურ პერიპეტიებზე ჩამოვუგდეთ სიტყვა .
- ასეთი შედეგის მთავარი მიზეზი ის არის, რომ უძილობისგან და მგზავრობისგან ძალიან გადაღლილები ვიყავით. თუ რა შეფერხება შეგვემთხვა, ყველამ იცით. კოსტანაიში მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე ჩავედით, სასტუმროში ვისადილეთ, მწვრთნელებისგან დავალებები მივიღეთ და თამაშზე წავედით.
- პირველ ტაიმში გოლი არ გაგიშვიათ, მერე რა მოხდა?
- პირველ ტაიმს გავუძელით, მოედანზე ყველაფერი დავდეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი მომენტი მქონდა, მაგრამ კარს ავაცილე. პირველი გოლი რომ გავუშვით, ეგრევე ავირიეთ, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გავუშვით.
- როგორ შეატყვე, ”ტობოლი” ის გუნდია, რომელთანაც სამბურთიანი ფორის ამოქაჩვა შეუძლებელია?
- საპასუხო მატჩში აქცენტს ალბათ სწრაფ გოლზე გავაკეთებთ. თუ პირველ ათ წუთში მოვახერხებთ გოლის გატანას, ყველაფერი შესაძლებელია. დასვენებული, გამოძინებული ვიქნებით და ვნახოთ, რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, ”ტობოლ”-ს მოვუგებთ, მაგრამ, გავალთ თუ არა მომდევნო ეტაპზე, ამას ვერ გეტყვით.
- ერთსაც გკითხავ. საქართველოს თასის წლევანდელ ფინალში სასტარტოში არ დაგაყენეს და ხმები გავრცელდა, ეს წმინდა სპორტული კი არა, სხვა მიზეზით მოხდაო...
- უბრალოდ, მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ასი პროცენტით მზად არ ვიყავი და ჩემი შეცვლაზე თამაში გადაწყვიტა. შესაძლოა, ჩემი მოედანზე გასვლა ცოტა დაგვიანებულიც იყო.
|