”ტობოლი” - ”ზესტაფონი” - 3-0.
|
ნურბოლ ჟუმასკალიევისა და ედიკ საჯაიას ორთაბრძოლა (©uefa.com)
|
მიმდინარე წლის 23 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტანაიში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშების პირველი რაუნდის პირველი მატჩი ადგილობრივ კლუბ ”ტობოლ”-თან და დამარცხდა მასთან ანგარიშით 0-3.
იმერული გუნდი კოსტანაიში შეხვედრის დაწყებამდე სულ რაღაც 3 საათით ადრე ჩაფრინდა. ამის მიზეზი გახლდათ ის გარემოება, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-სა და ქართველთა ოფიციალური დელეგაციის გადამზიდავმა ავიაკომპანია ” Georgian National ” სხავდასხვა მიზეზთა გამო რამოდენიმეჯერ შეცვალა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავის გაფრენის დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული მხარეთა მიერ წინასწარ ხელმოწერილი ოფიციალური ხელშეკრულებით .
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა - ყოველივე ზემოთქმულს დაემატა ის გარემოება, რომ აეროპორტსა და სასტუმროს შორის დაუგეგმავი ”მოგზაურობებისას” გაცივდნენ და მაღალი სიცხით თბილისში დარჩნენ შალვა ღონღაძე და როინ კვასხვაძე...
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - მასპინძლები ფლობდნენ უმნიშვნელო ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა ზესტაფონელები მშვიდად აკონტროლებდნენ სიტუაციას თავის საჯარიმოს მისადგომებთან. ფაქტიურად, პირველი ტაიმი წარიმართა ისე, როგორც ჰქონდა ჩაფიქრებული ზესტაფონელთა მწვრთნელთა საბჭოს.
მეორე ტაიმის პირველი მესამედი წარიმართა სტუმართა უპირატესობით - ბრწყინვალედ გათამაშებული სწრაფი ორსვლიანი კომბინაციის შედეგად გოგი ფიფია შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში, უსაქმოდ დატოვა მასპინძელთა მცველი ნურდაულეტოვი და დარჩა მეკარესთან პირისპირ. სამწუხაროდ, მის მიერ 7-8 მეტრიდან დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა ფაქტიურად დაუცველ კარს. 2 წუთში კი სპორტული იღბალი კვლავ მასპინძელთა მხარეს აღმოჩნდა - 25 მეტრიდან პოლ კესანის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი სულ რაღაც სანტიმეტრებით ასცდა მეკარე პრიადკინის კარის მარცხენა ძელს.
ამის შემდეგ კი მასპინძლები გააქტიურდნენ და 62-დან 73-ე წუთების შუალედში სამჯერ დალაშქრეს სტუმართა კარი ( ნურბოლ ჟუმასკალიევი- 62, რუსლან ბალტიევი -64, ულუგბეკ ბაკაევი -73). გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, პირველი გოლი აღმოჩნდა - იგი, ერთი შეხედვით, მატჩის საერთო სურათის კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა, თუმცა მასპინძლებს ფრთები შეასხა, სტუმართათვის კი ნამდვილი ”ცივი შხაპი” აღმოჩნდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა მატჩი ხელსაყრელი ანგარიშით გამარჯვებამდე მიიყვანეს, ხოლო ზესტაფონელები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის განმეორებით შეხვედრაში, რომელსაც 30 ივნისს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, მათ 4 ბურთის სხვაობით გამარჯვება ესაჭიროებათ.
და ბოლოს, კოსტანაი-თბილისის ავიარეისი დაგვიანების გარეშე შედგა ...
ფოტომასალა მოწოდებულია ს.კ. ”ტობოლი”-ს პრეს-სამსახურის მიერ |