16.06.2007

ამხანაგური მატჩი რკინიგზელებთან .

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი თბილისშია, სადაც განაგრძობს ინტერტოტოს თასზე დებიუტისათვის მზადებას. 16 ივნისს გუნდმა გამართა საკონტროლო შეხვედრა. მატჩში, რომელსაც თბილისის ”ლოკომოტივი”-ს ბაზამ უმასპინძლა, ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ სწორედ რკინიგზელთა კოლექტივი..

მარგველებმა იასპარეზეს შემდეგი შემდგენლობით: ჭანტურია (რ.კვასხვაძე,58), ონიანი (დაუშვილი,56), საჯაია (ღონღაძე,46), სანტოსი, თოდუა (კ.ჩხეტიანი, 46), ნ.კვასხვაძე (ბენაშვილი,46), ჟონატასი (ჯანელიძე, 65), ხიდეშელი (გ.ჩხეტიანი, 46), ჭელიძე (გოცირიძე, 61), ვიეირა (სანაია,61), ფიფია (ძარია,58).

მატჩის პირველივე წუთებიდან მოყოლებული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელები ფლობდნენ აშკარა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას. ყოველივე ამან ნაყოფი უკვე მე-14-ე წუთისათვის მოიტანა - ბრაზილიელმა ჟილვან ვიეირამ იმერლები დააწინაურა - 1-0. ინტერტოტოს თასის დებიუტანტები ამის შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას და მეორე ბურთის გატანაც მალევე მოახერხეს, თუმცა მატჩის არბიტრმა გიორგი ჭელიძის მიერ კარის აღების მომენტში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს საწადელს და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს - ამჯერად ბურთთან საგოლე შეხება ნიკოლოზ კვასხვაძის აქტივში ჩაიწერა.

სურათი არც შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვლილა (ფეროელები კვლავაც უფრო აქტიურობდნენ), თუმცა 55-ე წუთზე შეიცვალა ანგარიში - რკინიგზელებმა ზესტაფონელთა დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირეს - 2-1.

 

16/06/2007- "ზესტაფონი" - ”ლოკომოტივი” (თბილისი) 2-1

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005