17.05.2007

 

ინტერვიუ ზურაბ იონანიძესთან.

ორასზე გაცილებით მეტი უნდა გავიტანო.

 

ზურაბ იონანიძე იმ თავდამსხმელთა ელიტაში მოხვდა, რომლებსაც საქართველოს ჩემპიონატში 200 ბურთი გაუტანიათ. გუშინ ”ზესტაფონი”-ს 35 წლის ფორვარდმა თელავის ”კახეთ”-თან დუბლი შეასრულა და ”ორასიანთა” კლუბში გაწევრიანდა (ზურაბ იონანიძე პირველი ასეთი ფეხბურთელია - ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური). ზურას მიღწევა მივულოცეთ და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ზურაბ, გილოცავთ მეორასე გოლის გატანას. თუ იცი, თასის მატჩებიანად, სულ რამდენი ბურთი გაგიტანია?

- სამწუხაროდ, ამის აღრიცხვა თავად ვერ შევძელი. საქართველოში კი სტატისტიკური სამსახურები ისეთ დონეზე არაა, ყველაფერი მისხალ-მისხალ რომ აღერიცხა.

- ბავშვობაში ოცნებობდი ყველაზე მეტი გოლის ავტორობაზე?

- რომ გითხრათ, ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი-მეთქი, მოვიტყუები. თუმცა თავდამსხმელს გოლები მოეთხოვება და მეც სულ იმაზე ვფიქრობდი, ვყოფილიყავი ჩემპიონატის ბომბარდირი. მერე და მერე 200-იანთა კლუბში მოხვედრა რეალური გახდა და მიხარია, დღეს ასე რომაა.

- კარიერას როდის ამთავრებ?

- ჯერ არ ვაპირებ. ვთამაშობ და იქნებ 200-ზე გაცილებით მეტი გავიტანო. ჯანზე ვარ, გოლების გატანის სურვილიც შემრჩა და უნარიც. რატომ დავანებო თავი?

- ამ გოლებიდან რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?

- საკმაოდ ბევრი. ცალკე ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. სხვათაშორის, ბევრჯერ გამიტანია გადამწყვეტი ბურთები. თუმცა ყველაზე მეტად ის გამიხარდება, თუკი 26 მაისს თასის ფინალში ”ამერ”-თან გამოვიჩენ თავს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები.

- ფინალში შანსებს როგორ შეაფასებდი?

- თანაბრად. ”ამერი” კარგი გუნდია და დაამტკიცა კიდეც. მასთან არხეინად ვერავინ ითამაშებს. ჩვენ კი არა, ”ჰერტა” გაამწარა. ასე რომ, სერიოზული ფინალი გველის.

- კარიერის ბოლომდე კიდევ რამდენი გოლის იმედი გაქვს?

-რაც შეიძლება მეტის. მთავარია, ჯამრთელობამ ხელი შემიწყოს. ”ზესტაფონ”-თან კიდევ წელიწადნახევარიანი კონტრაქტი მაკავშირებს და თუ ქვეყანა არ დაიქცა, ვითამაშებ.

- საქართველოს ჩემპიონატში ვინ მიგაჩნია ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად?

- რამდენიმეს დავასახელებ - იაშვილს, ფიფიას, წინამძღვრიშვილს, გელაშვილს. ყოველთვის მომწონდა დავითაშვილი. მას უკვე პერსპექტიულებში ვერ დავასახელებ, მაგრამ გული მწყდება, რომ ასაკში შევიდა. გულიანი ბიჭი და კარგი თავდამსხმელია.

 

გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005