16.05.2007

 

რეკორდების დღე ზესტაფონში .

 

2007 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა თელავის ”კახეთ”-ს და დაამარცხა იგი გამანადგურებელი ანგარიშით 7-0.

მატჩი ზესტაფონელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ბურთი თელაველთა კარში პირველი ტაიმის მე-19-ე წუთზე ზესტაფონელთა უნივერსალმა როინ ონიანმა გაიტანა. მასპინძელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში კი ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილი 5 000-მდე გულშემატკივარი ნამდვილი საგოლე ფეიერიის შემსწრე გახდა - ზესტაფონელთა უბერებელმა გოლეადორმა ზურაბ იონანიძემ მატჩის 58-ე და 68-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში თავისი პირადი საგოლე აქტივი სარეკორდო ნიშნულამდე აიყვანა - დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ზურაბ იონანიძე პირველი ფორვარდია, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში 200 (!!!) გოლის გატანა შესძლო. თელაველებთან მატჩის დასკვნით ნაწილში კი გიორგი ჭელიძემ გაიბრწყინა - ზესტაფონელთა 22 წლის თავდამსხმელმა 59-დან 88 -ემდე წუთების მონაკვეთში ”პოკერით” ( 59-ე, 79-ე, 86-ე, 88-ე )გაახარა ერთგული გულშემატკივრები - 7-0. სხვათაშორის, ეს მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევაა , როდესაც ფეხბურთელი 1 მატჩში ოთხჯერ ახერხებს მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრას.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ კახელებთან მატჩში დაფიქსირდა სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს არსებობის სამწლიან ისტორიაში.

 

16/05/2007- "ზესტაფონი"- “კახეთი” - 7-0

დაწვრილებით

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005