საქართველოს თასი . ფინალი . ყიფიანს ყიფიანისა !

•  მატჩის წინ აგორებულმა პიარკამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო - დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთხუთმეტე გათამაშების ფინალმა მაყურებელი მრავლად მოიზიდა . ზესტაფონელთა მხარდამჭერებმა აღმოსავლეთი ტრიბუნა შეავსეს და შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე , ომახიანი შეძახილებით , თავისიანთა შეგულიანება დაიწყეს . " ლოკომოტივის " გულშემატკივრებმა კი ... არც ვიცი , ამას რა დავარქვა , მაგრამ მაყურებლის ნახევარი არა საქომაგოდ , უბრალოდ , შეხვედრის საყურებლად მოვიდა . მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით , რომ თბილისელთა ერთი ახალგაზრდა ქომაგი თავგანწირვით მოუწოდებდა ხალხს , " ლოკომოტივიც " გაემხნევებინათ . მცდელობა წყალში არ ჩაყრია და ათიოდე თანამოაზრე მაინც აღმოაჩინა . აი , ასეთი უთანაბრო იყო მაყურებელთა შორის ძალები განაწილებული . ნიკა ქავთარაძის მიერ " ზესტაფონის " შემადგენლობის ჩამოთვლაზე კი მაყურებელთა ყიჟინამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია . თბილისელებს კი მეორე იუმორისტი - გოჩა თანდარაშვილი ამხნევებდა ... პროფლიგისა და ამ ახალგაზრდების მონდომება ნამდვილად დაფასებას იმსახურებს - მათ ლამაზი საფინალო შოუ მოაწყვეს .

ეგაა , რომ ამ ლამაზ საღამოს ხელისუფლებიდან თითქმის არავინ დასწრებია , თუკი ორიოდე გამონაკლისს არ ჩავთვლით .

სამაგიეროდ , აქ იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი თუ ახლანდელი კანდიდატები . ნოდარ ახალკაცი ლოჟაში " ზესტაფონის " კაშნეთი მოთავსდა ; რევაზ არველაძეც იქვე შორიახლოს იჯდა ; გიორგი ნემსაძემ კი ხალხში ყოფნა ამჯობინა .

დაცვაც " არაქართულად " იქცეოდა . ეს პირველი შემთხვევა გახლდათ , როდესაც ისინი თამაშს კი არა , ტრიბუნებს უყურებდნენ . მოკლედ , ორგანიზაციაში პატარ - პატარა პროგრესმა სათამაშოდ მშვენიერი ფონი შექმნა . ამას დაუმატეთ ეროვნული სტადიონის ჩინებულ მდგომარეობაში მყოფი ბალახის საფარი და ...

ერთადერთი , რაც ორგანიზატორებმა ვერ " გაითვალისწინეს ", ამინდი გახლდათ . წვიმამ ორივე გუნდს მეტისმეტად გაურთულა საქმე .

... ნოდარ აკობიამ " ლოკომოტივი " ასე განალაგა - დაცვაში გიგაური , მახვილაძე და გიორგი ონიანი , ნახევარდაცვის ცენტრში როინ ონიანი და სანიკიძე , მათ წინ ქებაძე , ფლანგებზე სეთურიძე ( მარჯვნივ ) და მანჩხავა მოქმედებდნენ , შეტევა კი სირბილაძესა და ბობოხიძეს ევალებოდათ .

თემურ მახარაძემ დაცვაში ძამსაშვილი , ღონღაძე და ჩიკვილაძე განალაგა , ფლანგებზე კი განსხვავებული ფუნქციებით დატვირთა თავისიანები : თუკი თოდუას გარკვეულწილად მარცხენა ფლანგზე იონანიძეც ეხმარებოდა , თურმანიძეს მარჯვნივ უფრო მეტი სივრცის კონტროლი დაევალა . მოედნის ცენტრში კი გუჩუა , განუგრავა და ჩხეტიანი სამკუთხედს ქმნიდნენ . გამოკვეთილი ფორვარდი მხოლოდ ზირაქიშვილი გახლდათ , თუმცა მას იონანიძე და თურმანიძეც ეხმარებოდნენ .

... როგორც ჩანს , იმერლები სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ დათრგუნა . დაიწყო შეხვედრა და გამოჩნდა , რომ რკინიგზელები უფრო თამამად და აგრესიულად მოქმედებდნენ . პირველი სახიფათო შეტევაც მათ წამოიწყეს , მაგრამ მანჩხავას კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს გიგაურმა თავით ოდნავ არაზუსტი მიმართულება მისცა . ხუთიოდე წუთში სირბილაძემ ისევ გიგაური მონახა და შეტევებში აქტიურად ჩართულ მცველს ერთ - ერთი ზესტაფონელი რომ არ გადაღობებოდა , ანგარიში გაიხსნებოდა .

სტუმრები ნერვიულობდნენ , მაგრამ მეოცე წუთის შემდეგ გონს მოეგნენ და ნელ - ნელა თავადაც მოახერხეს შეტევების განხორციელება . თუმცა დაახლოებით 10 წუთი მეტოქეები უფრო ამინდთან შეგუებას უფრო ცდილობდნენ , ვიდრე თამაშს - ამ დროს კოკისპირულმა წვიმამ დასცხო .

27- ე წუთზე ზირაქიშვილს სწრაფი კონტრშეტევის გოლით დაგვირგვინება შეეძლო , იგი მეკარესთან პირისპირ გადიოდა , მაგრამ მცველს ვეღარ აჯობა და მომენტიც განიმუხტა .

ტაიმის ბოლო წუთზე განუგრავას შეეძლო თავის გამოჩენა , მაგრამ მისი თავური სტურუას კარს სანტიმეტრებით აცდა .

მეორე ნახევარში წვიმა შენელდა და " ზესტაფონმაც " აიწყვიტა . იქმნებოდა შთაბეჭდილება , რომ შტურმი გოლით უნდა დასრულებულიყო . 50- ე წუთზე სტურუას კარის ბადე მართლაც შეირხა : თურმანიძემ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში იონანიძე მონახა და მისმა თავურმა დარტყმამ აღმოსავლეთი ტრიბუნის მეორე იარუსზე შეკრებილი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა . თუმცა სიხარული შოკით შეიცვალა - ფანიაშვილმა ჯერ კი ჩათვალა გოლი , თუმცა შემდეგ ლაინსმენ ჩიგოგიძის აღმართული ალამი შენიშნა და თამაშგარე დააფიქსირა . იყო თუ არა მსაჯი მართალი ? ზესტაფონელთა ვეტერანმა ფეხბურთელმა ნოდარ კიკნაძემ ( იგივე " ფერომ ") მატჩის შემდეგ " სპორტს " აზრი გაუზიარა - თავდამსხმელი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდაო . კიკნაძეს ვერავინ დასწამებს , რომ თავისიანებს არ ქომაგობდა . გასაგებია , იმერლები მსაჯზე გაბრაზდნენ , მაგრამ როცა მათი გულშემატკივარი ( თანაც გამოცდილი ) ასეთ კომენტარს აკეთებს ...

საერთოდ კი სათქმელია - მახარაძის შეგირდებს გასამარჯვებლად ძალ - ღონე არ დაუშურებიათ , მაგრამ " ლოკომოტივი " ოდნავ უკეთესად და სწრაფად ახერხებდა შეტევების ორგანიზებას . 55- ე წუთზე თბილისელებმა ანგარიშის გახსნაც შეძლეს : მოედნის ცენტრში ქებაძემ ბურთი არ დააყოვნა , გამჭოლი გადაცემით ბობოხიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა , რომელმაც სომხიშვილს ახლო კუთხეში თვალის დაუხამხამებლად გაუტანა .

ზესტაფონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და დაცვაში ზონები მოაშიშვლეს . 60- ე წუთზე წამოწყებული კონტრშეტევა სტუმართა მცველმა კი მოიგერია , მაგრამ საჯარიმო ხაზთან მყოფმა მანჩხავამ ისე ლაზათიანად მოიქნია მარჯვენა ფეხი , " ზესტაფონის " კარი სომხიშვილის თავგანწირულმა ნახტომმაც ვერ იხსნა - ბურთი ულამაზესი ტრაექტორიით " ცხრიანში " შევარდა . ასე რომ , " ლოკომოტივის " გულშემატკივრის თანდარაშვილის პროგნოზირებული ანგარიში გამართლდა - 2:0.

სტუმრებს ხელი არ ჩაუქნევიათ : მახარაძემ შეტევის გასაძლიერებლად მცველ ჩიკვილაძის ნაცვლად ფორვარდი იმედაძე შეუშვა მინდორზე , თურმანიძეც გაშმაგებული ცდილობდა " ლოკომოტივის " დაცვაში ხარვეზის პოვნას . იმერლებმა რამდენჯერმე სახიფათო კომბინაციაც განავითარეს , მაგრამ მაინც აშკარად ჩანდა - " ზესტაფონმა " იმედის მუხტი დაკარგა .

თუმცა მანამდე აკობიამ თამაშში " ლოკომოტივის " დებიუტანტი , 16 წლის გიორგი ყიფიანი ( ლეგენდარული დავით ყიფიანის უმცროსი ვაჟი ) ჩართო და ამით სიმბოლური რიტუალიც შესრულდა - ყიფიანის სახელობის თასს ყიფიანიც დაეუფლა !

ამით თამაშის ხასიათსაც გაესვა ხაზი - ახალგაზრდულმა ენერგიამ გამოცდილება დააჩოქა .

მაშინ კი გამოცოცხლდნენ " ლოკომოტივის " გულშემატკივრები და პირველ ტაიმში ეულად დარჩენილ ახალგაზრდა ფანს მხარი დაუმშვენეს . მათ სპონტანურად , თუმცა ერთხმად საქართველოს ჰიმნიც დააგუგუნეს . ასეთი რამ ქართულ სტადიონებზე პირველად მოხდა !

დაბოლოს , ფინალური მატჩების ტრადიცია არც გუშინ დარღვეულა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის პრიზები კვლავაც დარიგდა . ფეხბურთელთაგან ეს პატივი ზესტაფონელ გიორგი თურმანიძესა და თბილისელ მიხეილ ბობოხიძეს ერგოთ . ამას გარდა , სპეციალური პრიზი მთავარ არბიტრ ლევან ფანიაშვილს გადაეცა .

პრესკონფერენცია . განტევების ვაცის ჩვეული პრინციპით

ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ცუდ ტონად იქცა წარუმატებლობა , პირველ რიგში , მსაჯებს გადააბრალონ ხოლმე . სამწუხაროდ , არც გუშინდელი მატჩი ყოფილა გამონაკლისი .

სანამ პრესკონფერენცია დაიწყებოდა , დამარცხებული გუნდის თავკაცი თემურ მახარაძე ნერვებმოშლილი აცხადებდა : " ქართული ფეხბურთი იმიტომაც განიცდის კრიზისს , ასეთი " კარგი " მსაჯები რომ გვყავს . ამის შემდეგ არ უნდა გვიკვირდეს , რომ ჩვენი კლუბები ევროპულ ტურნირებში 0:7- ს აგებენ "...

ჟურნალისტებთან გუშინდელი შეხვედრა ხანმოკლე , მაგრამ ემოციური გამოდგა . თემურ მახარაძემ თავისი გამოსვლა მეტოქე გუნდისადმი მილოცვით დაიწყო :

..." ლოკომოტივი " ჩემპიონატის ერთ - ერთი გამორჩეული კოლექტივია , ამდენად მისი წარმატება დამსახურებულია . რაც შეეხება ჩვენს გუნდს , სეზონის პირველ ნახევარში აუტსაიდერთა რიგებში ვიყავით და ბევრი ლიგიდან გავარდნას გვიწინასწარმეტყველებდა . მოკლე დროში " ზესტაფონმა " დიდი ნახტომი გააკეთა და თასის ფინალშიც კი გავედით . პირველ რიგში , ეს კლუბის ხელმძღვანელების დამსახურებაა , მათ ფეხბურთელებს მზადების საუკეთესო პირობები შეუქმნეს .

... პირველი 15 წუთი მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა , თუმცა სიტუაციას მალე გავუშინაურდით და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით .

... ჩვენი უპირატესობა საგრძნობი შესვენების შემდეგ გახდა . გატანილი გოლი მისი ლოგიკური დასასრული გახდა . მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ბურთი " ლოკომოტივის " კარში წესების სრული დაცვით გავიტანეთ . არბიტრმა ჯერ გოლი ჩათვალა და თბილისელებს პროტესტიც კი არ გამოუთქვამთ . მხოლოდ ამის შემდეგ ასწია დროშა არბიტრის ასისტენტმა გურამ ჩიგოგიძემ . ეს აღმაშფოთებელი ფაქტია , მან ამხელა შრომა წყალში ჩაგვიყარა .

... ეს იყო მატჩის კულმინაციური მომენტი , რომელმაც დიდი როლი ითამაშა შედეგზე . 0:0- ზე გოლი გაგაქვს და არ გითვლიან , მერე მოაქვთ ბურთი შენი კარისკენ და ... ნერვებმოშლილმა მცველებმა შეცდომა დაუშვეს .

... არ ვეთანხმები იმ ჟურნალისტებს , რომლებიც თვლიდნენ , რომ ჩვენი ფეხბურთელები მინდორზე თვითდაჯერებულები გამოვიდნენ ... მიკვირს , რატომ ჩათვალეს " ზესტაფონი " ფავორიტად ?

... კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია ნამატჩევს მართლაც შემოვიდა ჩვენს გასახდელში . მან ფეხბურთელები დააწყნარა და ანუგეშა . იგი გულთბილი ადამიანია და მოთამაშეების ფსიქოლოგია კარგად ესმის ... რა გაეწყობა , ამ მარცხით ჩვენი საფეხბურთო ცხოვრება არ დასრულებულა . ხელები უნდა დავიკაპიწოთ და კარგი გუნდის შექმნის მიზნით უფრო მეტი ვიმუშაოთ.

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005