04.05.2007

 

ამერი vs ზესტაფონი

დიდი ინტერესი, დიდი ინტერეთერი


გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ჟურნალისტები იწვია და პროფლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე, პროფლიგის პრეს-სამსახურის უფროსი პაატა ბურჯალიანი და ტელეკომპანია "რუსთავი- 2"-ის წარმომადგენელი როსტომ წულუკიძე მედიელებს საქართველოს თასის ფინალური მატჩის ორგანიზაციის თაობაზე ესაუბრნენ.


მატჩის ორგანიზატორები 26 მაისის "ამერი" - "ზესტაფონი"-ს მატჩზე 30-40 ათას მაყურებელს ელიან, ამიტომ მერიის თანამშრომლებთან აპირებენ შეხვედრას, რათა აქედანვე იზრუნონ უსაფრთხოებაზე.
ფინალისადმი უდიდესი ინტერესის გამო პროფლიგა და "რუსთავი-2" თანამშრომლობას აპირებენ. ტელეკომპანია მალე სარეკლამო რგოლებსაც გაუშვებს, ფინალი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ტელეტრანსლაცია გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ 26 მაისის მატჩი ქართული ტელევიზიებისთვის ახალი ტექნოლოგიით გადაიცემა. "ეროვნულ"-ზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 კამერა იმუშავებს. სტადიონზე შეკრებილ და ტელევიზორებთან მსხდარ გულშემატკივართ საშუალება ექნებათ, თამაშამდელი ამბებიც იხილონ. კამერები იმუშავებენ არენაზე, ტრიბუნებზე, გასახდელებში...

ერთ-ერთ VIP-ლოჟაში მოეწყობა სტუდია, სადაც აზრის გამოთქმა ექსპერტებთან ერთად ფეხბურთის გულშემატკივრებსაც შეეძლებათ. ამიტომაც ტელეტრანსლაცია მატჩამდე საათნახევრით ადრე დაიწყება. იმუშავებს სამი ტელეჟურნალისტი, რეპორტაჟს დიმა ობოლაძე წაიყვანს, ერთი სტუდიაში იქნება, ერთიც - არენაზე.
ჩვენთვის უჩვევ ამ საქმეში დასახმარებლად პროფლიგამ პრემიერ-ლიგის მატჩების ტელეტრანსლაციების პროდიუსერი ბილ რასელი მოიწვია, რომლის თანაშემწე ამჟამად უკვე თბილისშია და წინასწარ სამუშაოებს უძღვება. თავად რასელი კი 23 ან 24 მაისს ჩამოვა.
"რუსთავი-2"-ის გარდა, პროფლიგა სხვა მედია-ორგანიზაციებთანაც აპირებს თანამშრომლობას. ჟურნალისტებს ყველა საშუალება ექნებათ, რათა გულშემატკივრებს მატჩამდელ პერიპეტიებზეც მოუთხრონ.
პროფლიგა კვლავაც აპირებს ფინალური მატჩის შოუ-პროგრამით გალამაზებას, თუმც ვინ მიიღებს მონაწილეობას შოუში, ამას ორგანიზატორები ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.
მოეწყობა ლატარიაც, რომელშიც იმ ბილეთების ნომრები გათამაშდება, რომლებიც გულშემატკივრებს ეროვნული ჩემპიონატის ტურებისას ჰქონდათ შევსებული.
26 მაისის საღამო კი საზეიმო დაჯილდოებითა და ჩირაღით დასრულდება.
როგორც ბურჯალიანმა გვაცნობა, "ამერი" - "ზესტაფონი"-ს პირდაპირ ტრანსლირებაზე რუსულ "ნტვ + ფუტბოლ"-თან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ხოლო უკრაინული "სპორტ-1" ამ თამაშს რომ აჩვენებს, უკვე გადაწყვეტილია.


გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005