”ზესტაფონი” ეროვნული თასის ფინალშია .
მიმდინარე წლის 1 მაისს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სტუმრად ბათუმის ”დინამო”-ს შეხვდა და დაამარცხა იგი ანგარიშით 1-0.
როგორც მოგეხსენებათ, ორმატჩიანი დუელის ბედი პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ( 4-0 ზესტაფონელთა სასარგებლოდ) ფაქტიურად გარკვეული იყო, თუმცა მასპინძლები, აჭარელი ფეხბურთელები სულაც არ ფიქრობდნენ სიტუაციის შეგუებას. შეხვედრის საწყის წუთებში მასპინძლები ცდილობდნენ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, თუმცა სტუმართა დაცვა მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას თავისი საჯარიმოს მისადგომებთან . პირველი ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული სტუმრები დაეუფლნენ საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას, რომელიც ტაიმის კომპენსირებულ დროში, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ბრაზილიელმა ედსონ ოლივეორა დოს სანტოსმა თავით გატანილ გოლში გარდასახა. შეხვედრის მეორე ნახევარმა, გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიშში ცვლილებები აღარ მოიტანა.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზედიზედ მესამედ გადის ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, რომელიც, შარშან დარღვეული ტრადიციის შემდეგ, კვლავ 26 მაისს გაიმართება და რომელშიც, ისევე,როგორც შარშან, მისი მეტოქე იქნება თასის მოქმედი მფლობელი თბილისის საფეხბურთო კლუბი ”ამერი”.
|
01/05/2007- “დინამო” (ბთ) - "ზესტაფონი"- 0-1 |
დაწვრილებით |
|