ინტერვიუ პოლ კესანისთან.
ზესტაფონელი ”გაბონიჩა” ქართულსაც სწავლობს
”ზესტაფონ”-ში ახლახანს 22 წლის გაბონელი ნახევარმცველი პოლ ულრიკ კესანი გამოჩნდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, აფრიკელი გაბონის ნაკრების სტაჟიანი წევრია. თავის ეროვნულ ნაკრებში უკვე 39 მატჩის ჩატარება მოასწრო და 4 გოლიც გაიტანა. კესანი ”ზესტაფონ”-ში გია გურულის რეკომენდაციით აღმოჩნდა. საკმაოდ კარგი ფეხბურთელი ჩანს, იმერული გუნდის შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა უკვე მოასწრო ზესტაფონელი გულშემატტკივრების გულის მოგება. იმერელმა ფანებმა აფრიკელთან დაახლოვებაც მოასწრეს და მას ზედმეტსახელად ”გაბონიჩი” შეარქვეს.
კესანისთან ინტერვიუ ბათუმელებთან მატჩის შემდეგ ჩავიწერეთ. საკმაოდ მხიარული და ენაწყლიანი პიროვნება აღმოჩნდა. სხვათაშორის, სათასო მატჩის წინ, 16 აპრილს პოლ კესანის 22 წელი შეუსრულდა. ჩვენც დაბადების დღის მილოცვით დავიწყეთ...
- გილოცავთ დაბადების დღეს! როგორ აღნიშნეთ იუბილე?
- თასის ნახევარფინალური თამაშისთვის ვემზადებოდით და დაბადების დღის აღსანიშნავად არ მეცალა. თანაგუნდელებმა მომილოცეს, ყურადღებამ ძალიან გამახარა.
- საქართველო როგორ მოგწონთ?
- ძალიან კარგი ქვეყანაა, თბილი ხალხია, რამოდენიმე დღეა რაც ზესტაფონში ვარ და არაერთი მეგობარი გავიჩინე. მეტსახელიც დამარქვეს - ”გაბონიჩას” მეძახიან და ეს ძალიან მომწონს. ხომ მაგარი სახელია? თქვენც შეგიძლიათ ასე მომმართოთ.
- დაოჯახებული ხართ?
- ჯერ არა, მაგრამ მეგობარი გოგონა და პატარა ქალიშვილი ემა მყავს. მინდა ისინი მალე საქართველოშიც ჩამოვიყვანო.
- ქართულად თუ შეგიძლიათ რამე მითხრათ?
- როგორ არა! ”გამარჟობა”, ”როგორ ხარ”, ”ხაჩაპური”, ”ჰინკალი” ... ხომ ხედავთ, ქართულის სწავლა მოვასწარი. ქართული სამზარეულო მომწონს და სხვა კერძების სახელებსაც ვისწავლი.
- პოლ, ახლა ის გვითხარით, ”ზესტაფონ”-ამდე რომელ გუნდებში თამაშობდით?
- პირველი კლუბი გაბონის ”ევიზო” იყო, 12 წლის ვიყავი, როცა იქ დავიწყე თამაში, 1999 წელს გაბონის ”უ.ს.მ.” -ში გადავედი, შემდეგ ”ფკ105”-ში ვთამაშობდი. 2006 წელს ევროპაში წავედი და ესპანეთის დაბალი დივიზიონის ერთ-ერთ კლუბში მოვსინჯე ძალები. მენეჯერების დახმარებით ახლახანს ”ზესტაფონ”-ში აღმოვჩნდი.
- როგორც ვიცით, გაბონის ნაკრების სტაჟიანი წევრი ხართ...
- კი, ნაკრების შემადგენლობაში 39 შეხვედრა მაქვს ჩატარებული. იქაც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და 4 გოლი მაქვს გატანილი. ივნისში ლიბრევილში აფრიკის თასის შესარჩევი მატჩი გვაქვს კოტ დ’ივუართან, პირველი შეხვედრა 0-3 წავაგეთ და საკუთარ მოედანზე დროგბაზე და მის საძმოზე რევანში გვინდა ავიღოთ. შემდეგ მადაგასკარში გვიწევს გასვლითი მატჩი. ნაკრების ძირითადის ფეხბურთელად ვითვლები და ალბათ, ივნისშიც გამომიძახებენ.
- ”ზესტაფონი”-ს შესახებ რას იტყვით, თქვენი აზრით, როგორი დონის კლუბია?
- საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ჰყავს კარგი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები. გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გარდა ამისა, მეგობრული გუნდია და მეც ძალიან კარგად მიმიღეს.
- გუნდში ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობთ?
- ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, კარგი ბიჭები არიან, თუმცა, განსაკუთრებით ბრაზილიელ ლეგიონერებს ჟონატასს, ვიეირას, ლეანდროს და დოს სანტოსს დავუახლოვდი. ალბათ, ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ მათ ფრანგული და ესპანური ესმით და უფრო ვაგებინებთ ერთმანეთს.
- საქართველოს ჩემპიონატის შესახებ რა აზრის ხართ?
-დიდიხანი არ არის, რაც აქა ვარ, სამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო პირველობაა. ”დინამო”-ს წინააღმდეგ თავადაც ვითამაშე, ვნახე ”ოლიმპი”-ს მიერ ჩატარებული მატჩიც და ამ გუნდებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
- თასის ნახევარფინალში ბათუმის ” დინამო” ძალიან იოლად დაამარცხეთ, ამ თამაშის შესახებ რას იტყვით?
- ”ზესტაფონი”-სთვის ყველა შეხვედრა რთულია. ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდი მაქსიმალურად იბრძვის. თასის თამაში სპეციფიკურია. მისთვის მთელი მობილიზებით ვემზადებოდით. სწრაფმა გოლმა საქმე გაგვიადვილა. ერთი შეხედვით იოლად გავიმარჯვეთ, თუმცა ბათუმი საკმაოდ კარგად იბრძოდა. თასის ფინალში გასვლა თითქმის გავინაღდეთ. როგორც მითხრეს, ფინალში შესაძლოა ”ამერი” შეგვხვდეს, რომელთანაც ”ზესტაფონ”-ს შარშან ფინალში წაუგია.
- პირადად თქვენი ასპარეზობით თუ ხართ კმაყოფილი, როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს?
- გუნდ ნელ-ნელა ვეჩვევი. ვფიქრობ, ადაპტაციის პერიოდი უკან მოვიტოვე. თამაშიც გავაუმჯობესე. უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ. ”ზესტაფონი”-სთვის სარგებლის მოტანა შემიძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვრთნელის ნდობას ვერ მოვიპოვებდი.
|