საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს არასაფეხბურთო თავგადასავალი .
(ნაწილი მეორე)
როგორც მოგეხსენებათ, 2007 წლის 2 აპრილს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგაში შეიტანა საჩივარი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-18-ე ტურის მატჩის (”ჩიხურა”- ”ზესტაფონი” ) შედეგის ანულირების მოთხოვნით. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, იმის გათვალისწინებით, რომ მასპინძელმა მხარემ (საჩხერის ”ჩიხურა” ) ვერ უზრუნველჰყო მატჩის ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მასპინძლებს უნდა ჩაეთვალოთ წაგება. უკიდურეს შემთხვევაში კი მატჩი უნდა გადათამაშდეს.
03. 04 2007 -ს ”ქართლი”-ს არენაზე ჩატარდა საფუძვლიანი სამუშაოები.ზემოთნახსენები სამუშაოების მიმდინარეობას შეესწრნენ თბილისიდან ზესტაფონისაკენ მიმავალი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს წარმომადგენლები. მათ დაუყოვნებლივ აცნობეს მომხდარის შესახებ კლუბის ადმინისტრაციას. გორში გაემგზავრა კლუბის გადამღები ჯგუფი, რომელმაც აღბეჭდა ფირზე შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა.
ქვემოთ კი გთავაზობთ ფოტოსურათს, რომელზეც აღბეჭდილია მომენტი, როდესაც ”ქართლი”-ს სტადიონის კარები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავთ. როგორც ხედავთ, სტადიონის დაცვის წარმომადგენლები (მიუხედავად იმისა, რომ ქართული მას-მედიის ზოგიერთმა საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაცვამ ოპერატიულად გააძევა სტადიონის ტერიტორიიდან უცხო პირები და ო, საოცრებავ!... ეს პირები უშუალოდ ზესტაფონელთა ბანაკიდან იქნებოდნენ !!!) ”ოლიმპიური” სიმშვიდით ადევნებენ თვალს საკმაოდ რთულ და დროში გაწელილ სამუშაოებს. დაგვიანებული სამუშაოების შედეგად კარების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ძელამდე გაზრდილია საჭირო ზომამდე.
ისმის კანონზომიერი და ლოგიკური კითხვა - ვის ინტერესებში უნდა ყოფილიყო ფაქტების დამახინჯება ?
პასუხის გაცემა ძალზედ რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, ეს ყოველივე თუკი ვინმეს ინტერესებში შედიოდა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მათ რიცხვში ნამდვილად არაა.
რაც შეეხება დასკვნებს - დასკვნების გაკეთება მას-მედიისათვის და საზოგადოებრიობისათვის მიგვინდვია ...
P.S. სპფლ-მა საქართველოს 2006-2007 წ.წ. XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების რეგლამენტის 13.1 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო განსახილველად არ მიიღო საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს საჩივარი. |