საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს არასაფეხბურთო თავგადასავალი.
2007 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 18-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გორში სტუმრობდა საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურა”-ს.
როგორც მოგეხსენებათ, საჩხერელი ფეხბურთელები საშინაო მატჩებს გორის რაიონის ”ქართლი”-ს სტადიონზე ატარებენ. ზემოთნახსენები არენის მინდვრის საფარი რომ უკეთესის სურვილს ტოვებს, საქართველოში ახალი არავისთვისაა. თუმცა, ის, რაც სტუმრებს ”ქართლ”-ზე დახვდათ, საერთოდ არაა კავშირში იმ სპორტის სახეობასთან, რომელიც დალოცვილმა ინგლისელებმა აჩუქეს მსოფლიოს მეცხრამეტე საუკუნის შუაწლებში, რომელიც ცოცხლობს და ვითარდება უეფა-სა და ფიფა-ს პატრონაჟით და რომლის პირველობის გათამაშებაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში აგერ უკვე მეთვრამეტედ.
გასაოცარია, მაგრამ უსაშინელეს მდგომარეობაში მყოფი მინდვრის (რაც საქართველოში აღარავის უკვირს) გარდა, აღმოჩნდა, რომ ”ქართლი”-ს სტადიონზე დამონტაჟებული საფეხბურთო კარებების სიმაღლე არ შეესაბამება ”დიდი” ფეხბურთის მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე მიუთითეს აღნიშნულ ხარვეზზე მატჩზე მყოფ ს.ფ.ფ.-ს დამკვირვებელს, თუმცა მან , ზემოთნახსენები მითითების მიუხედავად, მისცა ნებართვა მატჩის ჩატარებისა. აღარ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა უშუალოდ შეხვედრა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გორში გამართულ შეხვედრას არაფერი ჰქონდა საერთო იმ სპორტის სახეობასთან, რომელსაც ჩვენში ”ფეხბურთ’-ს ეძახიან.
ამ არასაფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს წარმომადგენლებმა აცნობეს ს.ფ.ფ.- ს დამკვირვებელს და შეხვედრის მომსახურე მსაჯთა ბრიგადას იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აპირებს მიმართოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობას, რათა მოხდეს ხსენებული შეხვედრის შედეგის ანულირება და მისი გადათამაშება ფეხბურთისათვის შესაბამის პირობებში.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს წარმომადგენლების და ”ქართლი”-ს სტადიონის ადმინისტრაციის მიერ ( ს.ფ.ფ.-ს დამკვირვებლისა და მატჩის დელეგატის თანდასწრებით) გაზომილ იქნა ”ქართლი”-ს სტადიონზე დამონტაჟებული კარების კარკასების ზომა და აღმოჩნდა, რომ ავადსახსენებელ კარებთა სიმაღლე არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს . შედგა ამ ფაქტის დამამტკიცებელი შესაბამისი დოკუმენტალური მტკიცებულებები, რომელთა ხელმოწერაზე ს.ფ.ფ.-ს დამკვირვებელმა და მატჩის დელეგატმა უარი განაცხადეს.
|