26.03.2007

ინტერვიუ გოგი ფიფიასთან .

მაქსიმუმი და ოლიმპი ”ზესტაფონი”-სათვის ...

”ზესტაფონი” ერთსულოვანი გუნდია და ჩვენი ძალაც სწორედ ესაა !

”ზესტაფონ”-მა პირველ წრეში ერთადერთი მარცხი იწვნია - 0-4 ”ვიტ-ჯორჯია”-სთან , წინა უქმეებზე კი იმერლებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და ამის ერთ-ერთი შემოქმედი გოგი ფიფია იყო. სამი გოლი და საგოლე პასი - ასეთია ფიფიას მონაგარი ვეტერინარებთან მატჩში. 21 წლის თავდამსხმელი მეორე წრეში უფრო შედეგიანად ათამაშდა და ”ვიტ-ჯორჯია”-სთან შესრულებული ჯეთ-თრიქით ბომბარდირთა დავაში 11 გოლით გალიდერდა. სამი გატანილი ბურთიდან ერთი პენალტით შეაგდო, დანარჩენი ორი კი ლამაზი სანაზავი იყო - ჯერ მეკარეს ოსტატურად გადაავლო თავზე, შემდეგ კი საჯარიმოში მცველები გააბითურა და ...

- თამაში აეწყოო, რომ იტყვიან, ისეა ჩემიც და გუნდის საქმეც. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გოლების გატანა მე მომიწია და ეს გასაკვირიც არაა, თავდამსხმელი ვარ და გუნდი ცდილობს, ბოლო დარტყმა შემტევს მიანდოს. მე მეტი მომენტი შემექმნა და მეტი გოლიც გამომივიდა.

- ერთი პენალტით გაიტანე, ორი გოლი კი საკმაოდ ეფექტური იყო ...

- ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ბურთი გავა კარში, მთავარია, მან შედეგი მოიტანოს. გოლის სილამაზე უფრო მაყურებლისთვისაა ...

- მეორე წრეში აშკარად მოუმატე, ეს შენი საუკეთესო თამაში იყო .

- ყველა მატჩს ერთნაირად ვერ ითამაშებ. როცა მთელ გუნდს მისდის საქმე, მეც უკეთესად გამომდის, ნერვიულობა და დაძაბულობა მეხსნება, თავისუფლად ვარ. ასე მოხდა ”ვიტ-ჯორჯია”-სთან. მართლაც კარგად ვითამაშე, თუმცა თუ კიდევ მოვუმატებ, ამას რა სჯობია .

- სანაკრებო ამბიცია ხომ არ გაგიჩნდა ?

- ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და არც მე ვარ გამონაკლისი. მოხარული ვიქნები, თუ გამომიძახებენ, მაგრამ ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია .

- ბომბარდირთა დავაში ორი ბურთით დაწინაურდი, შეძლებ ბოლომდე შეინარჩუნო პირველობა?

- თუ შევინარჩუნებ, კარგი იქნება, მაგრამ მთავარია, გუნდმა გააკეთოს თავისი და ბურთებს ვინ გაიტანს, რა მნიშვნელობა აქვს .

- რა ამოცანები აქვს ”ზესტაფონ”-ს ?

- მაქსიმუმი ჩემპიონატშიც და თასზეც. თასის აღება უფრო უნდა გაგვიადვილდეს, ჩემპიონატში კი მთავარი იქნება, ”ოლიმპ”-მა დაკარგოს ქულები .

- მარტო ”ოლიმპ”-მა ? სხვა გუნდებს კონკურენტებად არ მიიჩნევ ?

- ჩემი აზრით, ”ოლიმპი” ამ ეტაპზე ერთადერთი კონკურენტია. საკმაოდ ძლიერ და კარგ ფეხბურთს თამაშობს.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო გაგიადვილდებოდათ, გაუთვალისწინებელი ქულები რომ არ დაგეკარგათ ...

- მეორე წრისთვის შემადგენლობა შეიცვალა, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და შეთამაშება გვაკლდა. ”ვიტ-ჯორჯია”-სთან მატჩმა დაამტკიცა, რომ პრობლემები წარსულს ჩაბარდა. გუნდმა ლამაზი, შემტევი და შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა და ჩვენი თავის რწმენა შეგვმატა. დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს.

- ითქვა, ახალი ფეხბურთელების მოსვლით გუნდში პრობლემები გაჩნდაო ...

- იმის გარდა, რომ მათი მოსვლის შემდეგ ცოტა შეუთამაშებლობა დაგვეტყო, სხვა არანაირი პრობლემა არ არის. ”ზესტაფონი” ერთსულოვანი გუნდია და ჩვენი ძალაც სწორედ ესაა !

 

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005