ზესტაფონელები მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში
"ზესტაფონი" წინ მიიწევს ...
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა (www.iffhs.de) მაისის თვის შედეგებით პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და თასზე ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული...
სასიამოვნოა, რომ ამ ავტორიტეტული საფეხბურთო საიტის აზრით, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სისტემატიურად განიხილება პლანეტის უძლიერეს კლუბებს შორის. ასე, 2012 წლის მაისის თვის რეიტინგში, წინა პერიოდთან შედარებით, იმერულმა კლუბმა პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა და შვეიცარიულ “იანგ ბოისთან” და ტუნისურ "ქლაბ აფრიკან " ერთად, 157-159-ე პოზიციებს ინაწილებს. წინა თვეში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” 164-ე ადგილზე იყო.
... www.iffhs.de-ს რეიტინგის თანახმად, იმერული კლუბი უსწრებს ისეთ სახელოვან გუნდებს, როგორებიცაა: ინგლისური "ნიუკასლი" და "ასტონ ვილა"; რუსეთის დედაქალაქის "დინამო" და "სპარტაკი"; თურქეთის "გალათასარაი"; ფრანგული "ბორდო"; ესპანური "მალიორკა", "ლევანტე", "ოსასუნა" და "ბეტისი"; იტალიური "კიევო", "სიენა", "პალერმო", "პარმა", "ფიორენტინა" და "ჯენოა" ; გერმანული "მაინცი", უკრაინული "დნიპრო" და სხვა ...
სასიამოვნოა, რომ პლანეტის 400 საუკეთესო კლუბს შორის, ზესტაფონელთა გარდა, კიდევ ორი ქართული კლუბი ფიგურირებს - თბილისის "დინამო" 124-ე (წინა თვეში -116) პოზიციაზე არის, ხოლო რუსთავის ”მეტალურგი” სადღეისოდ 167 (195)-ე ადგილზეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, წინა თვესთან შედარებით, რეიტინგში ზესტაფონელებმა და რუსთაველებმა პოზიცების გაუმჯობესება მოახერხეს.
|