ილია კოკაია.გამოყენებული ფოტო საიტიდან www.worldsport.ge
ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის მთელ რიგ საშუალებებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” თბილისის ოფისში 2012 წლის 17 მაისს გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას, კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანენ რაღაც ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც მარტვილის "მერანსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მიმდინარე წლის 2 მაისს გამართული შეხვედრის გარიგებულ ხასიათს დაამტკიცებენ.
მასობრივი ინფორმაციის რიგ საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად, ზემოთნახსენებ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული (და ხშირ შემთხვევაში, არასწორად ინტერპრეტირებული) საკითხებით დაინტერესდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტიც და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ამ ინფორმაციის "დამადასტურებელი დოკუმენტების" მისთვის მიწოდება დაავალა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ "ზესტაფონი" და მისი ხელმძღვანელობა იმაშიც "დაადანაშაულეს", რომ მათ, სფფ-ს აღმასკომის მოთხოვნის მიუხედავად, ვერ ან არ შეძლეს ვიდეომასალის (?!) წარდგენა. გაჟღერდა ისეთი მოსაზრებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ თავდაპირველი პოზიცია (?!), რომელიც თითქოსდა უფრო დამაჯერებელი იყო, შემდგომში შეცვალა (?!) და მხოლოდ ეჭვებით შემოიფარგლა...
ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან უცნაური მოსაზრების გაჟღერება კი გვიწევს, მაგრამ, როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაში მისი ხმამაღლა წარმოთქმა მაინც საჭირო გახდა - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" არ აქვს ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება-წარდენის უფლებამოსილება, რადგანაც კლუბი არაა არც საგამოძიებო ინსტანცია და არც დეტექტიური ბიურო! შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს "აღმოჩენა" იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბი ძირითად დაკავებულია ფეხბურთელთა აღზრდა-მომზადებით, სპორტსმენთათვის სათანადო პირობების შექმნით და, რაც მთავარია, ფეხბურთის თამაშით ...
რაც შეეხება იმას, თუ რა გაჟღერდა სინამდვილეში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” თბილისის ოფისში 2012 წლის 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო GHN-ის საიტზე განთავსებულ ვიდეომასალას. ამ მასალის ნახვის შემდეგ მაყურებელი დარწმუნდება იმაში, რომ კლუბის პრეზიდენტი საუბრობს სწორედ საკუთარ ეჭვებსა და "საკუთარ რწმენაზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის უტყუარობის შესახებ" და არა იმაზე, რის თქმაც მას შემდგომში მიაწერეს. აქვე შეგახსენებთ, რომ წერილი, რომელშიც იმერული კლუბი აცნობს სფფ-ს აღმასკომის წევრებს თავის საფუძვლიანი ეჭვების წარმომავლობას, უკვე გაგზავნილია ფეხბურთის ფედერაციაში.
აქვე დავაზუსტებთ, რომ 17 მაისს ან შემდგომ დღეებში ამ თემასთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტს ცალკე ინტერვიუ არცერთი მედიასაშუალებისთვის არ მიუცია, ხოლო ზემოთნახსენებ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული მოსაზრებების სინამდვილე, სააგენტო GHN-ის საიტზე განთავსებულ ვიდეომასალის გარდა, შესაძლოა დადასტურდეს ტ/კ "რუსთავი-2"-ს, "იმედის", "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და "მაესტროს" გადამღები ჯგუფების მიერ გადაღებული ვიდეომასალის გადამოწმებით.