30.05.2012

 

 

 

 

 

მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია

 

 

 

 

 

 

გია ჭიაბრიშვილი: "მოხარული ვარ, რომ სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით, როგორც უმეტესად ხდება, უკმაყოფილო ვარ. მართალია, ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავდა, თუმცა, მეტოქესაც ბევრი ფეხბურთელი აკლდა. აქვე ვიტყვი, რომ “ზესტაფონის” ამ შემადგენლობას დუბლებს არ დავარქმევ. უბრალოდ, ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ძირითად გუნდში ხშირად თამაშის საშუალება ვერ ეძლევათ".

 


- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელ გეგმებზე გვითხარით.
- 11 ივნისს შევიკრიბებით ზესტაფონში, შემდეგ კი ავსტრიაში წავალთ შეკრებაზე, სადაც ოთხ ტესტ-მატჩს ჩავატარებთ. მეტოქეები მალე გაირკვევა, თუმცა გვსურს, რომ ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ. წინ ხომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გველის.


- ალბათ, შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნებთ.
- აუცილებლად. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელს “ზესტაფონში” ვერ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობები, მაგრამ შემდეგ უცხოეთში, უფრო ძლიერ ჩემპიონატში წასულა სათამაშოდ და იქ უკეთესად გამოსულა. მაგალითად, გიორგი ფოფხაძე, რომელიც შარშან “ზესტაფონში” ძირითადში იშვიათად ხვდებოდა, ავსტრიის “შტურმში” გადავიდა და მშვენიერი სეზონიც ჩაატარა. ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, პირიქით, თანხებს არ იშურებს და თუ ფეხბურთელი რეალურად გვჭირდება, აუცილებლად ცდილობს მის გადმოყვანას. ასე რომ, გასათვალისწინებელია ბევრი რამ: ჩვენ გვსურს, რომ მხოლოდ პიარზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი.


- არის შანსი, რომ უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები დაიმატოთ?
- არის, თუმცა რატომღაც, შიდა სატრანსფერო ბაზარზე იმდენი აქტიურობა არ შეინიშნება. გვინდა, რომ ამ მხრივ მეტი ვიმუშაოთ, კარგი ახალგაზრდები მოდიან. თუმცა, დღეს რომ თქვან, ნიკა გელაშვილი “ზესტაფონში” დაბრუნდებაო, ძალიან გამიხარდება. რეალურად კი, ეს ნაკლებად შესაძლებელია.


- გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი მიდის. შეგიძლიათ, მათი გვარები გვითხრათ?
- გიორგი ონიანი “დილაში” მიდის. შოთა გრიგალაშვილიც მიდის, ოღონდ, ძალიან გვსურს, რომ ევროსარბიელზე მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ წავიდეს. თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ძალიან კარგი. რატი წინამძღვრიშვილი შესაძლოა წავიდეს, შესაძლოა – დარჩეს.


- აუცილებლად დაგჭირდებათ ცენტრალური მცველისა და ფორვარდის დამატება...

- რა თქმა უნდა. ასევე, მარცხენა მცველის, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში, ზაალ ელიავაზე გადაიარა დატვირთვამ. მარჯვნივ კიდევ ხდებოდა შეცვლები, რადგან ბენაშვილს შეუძლია იქ თამაში.


- რას იტყვით იმაზე, რომ თქვენი გუნდის დაჯილდოვება არცთუ პომპეზურად მოხდა და მედლებიც არ გადმოუციათ.
- შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ჩემი გუნდის თამაშიც არ იყო ლამაზი. კიდევ ვიმეორებ, ხარისხით უკმაყოფილო დავრჩი.


- თუმცა, ეს დაჯილდოებასთან არაფერ შუაშია.

- კარგი იქნება, ასეთ მატჩებს ტელევიზიებით გადასცემდნენ. სუპერთასია და ასეთ დროს, ყურადღებაა საჭირო. ჩვენ ყველამ ბევრი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართული ფეხბურთი წინ წავიყვანოთ. გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე დღესაა.

 

ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005