28.05.2012

 

 

 

 

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს თასის ყველაზე სკანდალური და დაძაბული ფინალის შემდეგ მეტოქეთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ემოციური კომენტარები გააკეთეს. ცხადია, მთავარი თემა მსაჯობა იყო, რამაც უდავოდ ლამაზად დაწყებულ მატჩს ელფერი დაუკარგა.

 

გიორგი ყიფიანი ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "უპირველესად, მინდა კომენტარი გავაკეთო არა როგორც "ზესტაფონის" წარმომადგენელმა, არამედ, როგორც ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანმა და გულშემატკივარმა.

ასე მგონია, რაც დღეს მოხდა, არაფერში წაადგება ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული.

რამდენი მაყურებელი შეიკრიბა და დღეს ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი გუნდის თამაში. იმიტომ, რომ ასე იყო დაგეგმილი.

ამ განცხადებას თამამად გავაკეთებ. მსაჯმა ყველაფერი გააკეთა, მაყურებელს თამაში რომ არ ეხილა და ეხილა სხვა რამე, რაც მოიცავს სიბინძურეს. ეს არ დაასხამს წყალს ქართულ ფეხბურთს და მის განვითარებას.

რაც დღეს ხდება, ამაზე დღეს უნდა ითქვას. და თუ ხვალ ეს არ გამოსწორდება, მაშინ ტყუილად ვლაპარაკობთ ქართული ფეხბურთის მომავალზე და ერთმანეთს, უბრალოდ, ვატყუებთ და ამაში დროს ვკარგავთ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს არაფერს ვერჩი, გორის "დილას" მინდა მივულოცო თასის აღება, მაგრამ რაც დღეს მოხდა, ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, უნდა გაშუქდეს და პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვისაც ამ ყევლაფერში წვლილი მიუძღვით".

 

გიორგი ონიანი ("ზესტაფონის" მცველი): "ძალიან მძიმე თამაში გამოდგა. იყო მომენტები, როდესაც ჩვენს სასარგებლოდ არ დაინიშნა აშკარა ჯარიმები და პენალტი. მსაჯმა აქეთ დაგვიდო უაზრო ჯარიმები და ამან გამოიწვია ჩვენი ფეხბურთელების დაძაბვა... მსაჯმა თამაში გააფუჭა. საბოლოოდ, ბიჭები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, რადგან ასე აშკარად რომ გჩაგრავენ, ძნელია, თავი შეიკავო და ნერვები მოთოკო. გორის "დილას" გამარჯვებას მივულოცავ, ჩვენ გულშემატკივრებს კი მადლობა მინდა გადავუხადო".

 

ჯაბა დვალი ("ზესტაფონის" თავდამსხმელი): "დღევანდელ შეხვედრაზე მოკლედ ვიტყვი - გაიმარჯვა გორის "დილამ" და გულით და სულით ვულოცავ გამარჯვებას. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია".

 

მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005