გიორგი ჭიაბრიშვილი: „თუ არ გვათამაშებენ, ვერც ვითამაშებთ"
26 მაისს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წაგებული ფინალის (1:4 „დილასთან") შემდეგ, „ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჟურნალისტებს სიტყვა მისცა, რომ ეს, მის მიერ მსაჯობის მაკრიტიკებელი ბოლო გამოსვლაა.
„ორი ისეთი ძლიერი გუნდი თამაშობდა, 2 კაცი რომც არ გაეგდო მსაჯს, ჩვენთვის რთული სათამაშო იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ გაძევებებმა დიდი ანგარიშით წაგვაგებინა. მე პირადად დამნაშავედ ვგრძნობ თავს ჩემს ბიჭებთან - ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო...
მადლობას ვუხდი ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს და ბოდიშს გეუბნებით, რომ ისეთი ფინალი ვერ განახეთ, როგორიც „ზესტაფონს" ეკადრებოდა.
ძალიან რთული შესაფასებელია ჩემგან ჩემი გუნდის ეს თამაში. ვფიქრობ, რა შევაფასო. შევაფასო ის, რომ სანამ ფეხბურთელთან ბრძოლაში შეხვალ, არაა ჯარიმა და ჯარიმა მაინც იდება, თამაშგარე არაა და მსაჯი მაინც აფიქსირებს, ნაღდი თამაშგარე აქვს მეტოქეს და მსაჯები ამას ჯიუტად არ ხედავენ - ეს შევაფასო?
ამაზე რაც უნდა უარესი გააკეთონ მსაჯებმა, მე ხმის ამომღები აღარ ვარ. მხოლოდ დღეს მაპატიოს ყველამ - რაც დღეს იყო, ეს მსაჯობა არაა. ამბიციური მსაჯია კვარაცხელია და სჯობს მისი ამბიციები სულ სხვა რამეში დახარჯოს, ვიდრე პირველიდან ბოლო წუთამდე ყვითელი ბარათების უაზროდ ქნევაში. როცა ამდენი მაყურებელი მოდის ფეხბურთის საყურებლად და შენ მას ამ სანახაობას, ზეიმს წაართმევ, რაღაც სხვა გრძნობა უნდა დაგეუფლოს. დღეს მსაჯებმა თამაში გააფუჭეს...
ჩემი გუნდის თამაშს შევაფასებ ძალიან ცუდად - 1:4-ის შემდეგ კარგს ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ ისიც აშკარაა, თუ არ გვათამაშებენ, ვერც ვითამაშებთ...
ვულოცავ თემურს. ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა ძალიან მოკლე ხანში. იგივე შემადგენლობასთან სხვა მწვრთნელებმაც იმუშავეს, მაგრამ მათ ამ შედეგისთვის არ მიუღწევიათ. გულით ვუგულშემატკივრებ ევროპის ლიგაზე, მაგრამ მომავალი სეზონი ძალიან ცუდი სეზონი იქნება გორის „დილასთვის" - ასეთ წაგებას ყოველთვის ვიმახსოვრებთ და ვეცდებით, სადაც ჩვენი გზები გადაიკვეთება, ყოველთვის დავამარცხოთ...
დღეიდან ჩვენი ყველაზე დიდი საფიქრალია ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშება. მასზე „ზესტაფონმა" საქართველო უნდა წარმოადგინოს და უნდა შეძლოს ღირსეულად ასპარეზობა".
|