ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს
26 მაისს, 19:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალურ მატჩში "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდება.
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომლისთვისაც კარიერაში ეს პირველი ფინალია, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ხარისხიანი მატჩის მოლოდინშია.
- საჩემპიონო ბატალიების შემდეგ, "ზესტაფონი" თასის ფინალს გადაღლილი ხომ არ ხვდება?
- ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ ძალების აღსადგენად საკმარისი დრო გვქონდა და თანაც, ფინალს ჩვენთვის იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ აუცილებლად შევძლებთ და ამ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით.
- გიორგი ხიდეშელისა და ალექსი ბენაშვილის გარდა, ფინალში კიდევ ვინმე ხომ არ დაგაკლდებათ?
- არა, საბედნიეროდ, მეტი დანაკლისი არ გვაქვს. გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელები მწყობრში არიან და ფინალისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
- რას ნიშნავს თქვენთვის პირველი ფინალი კარიერაში?
- ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ბევრ მწვრთნელს ასეთი პატივი არ რგებია, მე კი ამას ასეთ ახალგაზდულ ასაკში მივაღწიე. ძალიან მეამაყება, რომ გუნდი ფინალში ჩემი ხელმძღვანელობით ითამაშებს.
საქართველოს თასის ფინალს ჩემპიონატთან შედარებით ყოველთვის მეტი დამსწრე ჰყავს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, შენი გუნდი ამხელა პუბლიკის წინაშე ტიტულისთვის რომ იბრძვის.
შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ და ჩემპიონობის შემდეგ დუბლიც ვიზეიმოთ. თუ თასიც მოვიგეთ, ეს სეზონი ჩემთვის ორმაგად ბედნიერი და დაუვიწყარი იქნება.
- ფინალამდე კი ძალიან რთული და მძიმე გზა გაიარეთ...
- ასე იყო და ჩემი გუნდის ხასიათი სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვამ ჩამოაყალიბა. ჩემპიონატშიც და თასზეც ყველა მატჩში ფავორიტები ვიყავით და ამიტომ ყველა მეტოქე განსაკუთრებული ძალისხმევით გვეთამაშებოდა.
კარგად გახსოვთ, როგორ დავძლიეთ მეოთხედფინალში "ტორპედოს" ბარიერი - ფაქტობრივად, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვედით. ნახევარფინალში "მეტალურგთან" შინ 1:1-ს დავჯერდით და ბევრს არ სჯეროდა, რომ რუსთავში გავიმარჯვებდით...
- ფინალს ფავორიტი თუ ჰყავს?
- მიმაჩნია, რომ არ ჰყავს და გამარჯვების შანსი ორივე გუნდს თანაბარი აქვს. შარშან "გაგრას" მაგალითმაც დაამტკიცა, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთ და ორ გუნდს არ შეუძლია.
- ალბათ, "დილას" ბოლოდროინდელ ასპარეზობას შეძლებისდაგვარად თვალს ადევნებთ.
- დიახ, და მოხიბლული ვარ მისი თვალსაჩინო პროგრესით. "დილას" ჰყავს ძლიერი სპონსორი, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი და მაღალი დონის ფეხბურთელები. განსაკუთრებით მაინც თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის დამსახურებას გამოვყოფდი. მათ მისვლამდე "დილას" ბევრი რამ აკლდა, ამ ადამიანებმა კი უმოკლეს დროში ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბეს.
- რამ შეიძლება გადაწყვიტოს ფინალის ბედი?
- მგონია, რომ ცალკეული ფეხბურთელების საფეხბურთო ოსტატობაზე მეტად, მატჩის შედეგს გუნდური თამაში განაპირობებს. შესაბამისად, გაიმარჯვებს ის, ვინც გუნდურად და ტაქტიკურად უფრო გამართულად ითამაშებს.
|