თემურ მახარაძეს შავი კატა არ დაუნახავს ...
ჩემპიონობაც და თასიც -ასეთი მიზანი დაუსახავს წლეულს ”ზესტაფონ”-ს. იმერლებმა ჩემპიონატის ბოლო ტურში ”ვიტ-ჯორჯია”-სთან სენსაციური გასეირნება მოიწყვეს, ვეტერინარებს შინ ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს, სწორედ ამ მატჩით დავიწყეთ საუბარი ”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძესთან.
- ”ვიტ-ჯორჯია” ძალიან სიმპათიური და კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენთან თამაში არ წაუვიდათ. ჩემს ფეხბურთელებს რა დავალებაც მივეცი, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს, რაც შედეგზეც აისახა.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ ?
- რუსთავის ”ოლიმპ”-ს, მაგრამ არც ”ამერი” და ”დინამო” უნდა დავივიწყოთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა და ბევრი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.
- სხვა გუნდებისგან ”ზესტაფონი” რით გამოირჩევა ?
- ზესტაფონში საფეხბურთო ბუმია. ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს, რაც მთავარია, საკმაოდ შეთამაშებული და გამოცდილი გუნდია.
- ამბობენ (???) , მახარაძესა და იონანიძეს შორის შავმა კატამ გაირბინაო...
- არ ვიცი, ვინ რას ამბობს. მე და ზურა მეგობრები ვართ და ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ზოგჯერ ფეხბურთელი არ არის სათანადო ფორმაში და იონანიძის შემთხვევაშიც ასეა. მაგრამ მჯერა, მალე აღიდგენს ფორმას და ძველებურად ათამაშდება.
- საქართველოს თასის ნახევარფინალში წილისყრამ ბათუმის ”დინამო” გარგუნათ. ბათუმელთა მწვრთნელმა ამირან გოგიტიძემ თქვა, ”ზესტაფონ”-ს ჩვენზე მეტი შანსი აქვს ფინალში გასასვლელადო. თქვენც ასე ფიქრობთ ?
- ნახევარფინალში სუსტი გუნდები ვერ გადიან. ბათუმელებმა ბოლო შეხვედრებში დაამტკიცეს თავიანთი ძალა. სტუმრად ”ამერ”-თან და ”სიონ”- თან ოთხი ქულის აღება ადვილი რა არის. ასე რომ, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და შანსებიც თანაბარი გვაქვს ... |