ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან
თასის ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები
26 მაისს, 19:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალურ მატჩში "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდება. თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონში" ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურაა. გასულ სეზონში თორნიკემ საგრძნობლად მოუმატა და თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა.
თანაგუნდელთა მსგავსად, ფინალის წინ მისი განწყობაც ოპტიმისტურია.
- ჩემპიონობის საკითხზე ატეხილმა აჟიოტაჟმა "ზესტაფონის" ფეხბურთელთა განწყობას დაღი ხომ არ დაასვა?
- ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ჩვენი ჩემპიონობა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დადგა, მაგრამ რაც მთავარია, სამართალმა იზეიმა და ოქროს მედლები დამსახურებულად მოვიპოვეთ.
ამან თასის ფინალის წინ დადებითი განწყობა შეგვიქმნა და ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები კიდევ ერთი ტიტულით გავახაროთ.
ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ძალებს აუცილებლად გამოვნახავთ.
- როგორ თამაშს შეიძლება ელოდოს მაყურებელი?
- ორივე გუნდის თამაშის სტილიდან გამომდინარე, ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სტადიონზე მოსული ქომაგი არ ინანებს და კარგ სანახაობას იხილავს.
|