ზესტაფონი VS დილა - საქართველოს თასის ფინალის წინათქმა
26 მაისს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2011-12 წლების სეზონის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონი "ზესტაფონი" და გორის "დილა" წარსდგებიან...
1990 წლიდან მოყოლებული, ჩვენთან "მარადიული ფავორიტის" სტატუსი ერთადერთ გუნდს, თბილისის "დინამოს" ჰქონდა; თუმცა, ამ ბოლო დროს (ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც) "ესტაფეტა" სხვა გუნდმა გადაიბარა და სწორედ "ზესტაფონია" ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი.
არადა, გუნდი მხოლოდ 8 წელიწადია, რაც არსებობს და კლუბის უცვლელი პრეზიდენტის ილია კოკაიას დამსახურებით "ზესტაფონმა" ასეთ პროგრესს მიაღწია. შედეგიც სახეზეა: ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტული და "დუბლის" შესრულების მშვენიერი შანსი!
სხვათა შორის, 2003 წლის მერე ჩვენთან "დუბლი" არც ერთ გუნდს აღარ შეუსრულებია - ივო შუშაკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" იმდროინდელი წარმატების გამეორების მშვენიერი შესაძლებლობა კი ახალგაზრდა მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს ექნება.
თუმცა, 26 მაისს გასამართი თასის ფინალი როგორც არ უნდა დამთავრდეს, დებიუტანტი მწვრთნელის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს.
საჩემპიონო ტიტულის (ანუ, სასურველი შედეგის) გარდა, ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონს" თამაშის სტილი არ შეუცვლია და ერთგულ ქომაგებს კვლავაც შემტევი ფეხბურთით ანებივრებს. ანუ, "ზესტაფონის" ახალმა და ახალგაზრდა მწვრთნელებმა (ჭიაბრიშვილისა და გიორგი ყიფიანის "ტანდემმა") ის კურსი გააგრძელეს, ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა სპეციალისტმა გია გეგუჩაძემ რაც დაიწყო.
ისე, წლევანდელი თასის გათამაშების კულმინაცია, რაღა თქმა უნდა, ფინალური მატჩია, მაგრამ ბევრი დაგვეთანხმება, რომ ყველაზე გამორჩეული მეოთხედფინალში "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება იყო.
ქუთაისური მატჩიც მშვენიერი სანახავი იყო (გეხსომებათ, ალბათ, თუ როგორ შთამბეჭდავად ითამაშა "ტორპედოს" მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა), მაგრამ საპასუხო შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესო და დრამატული გამოდგა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონმა" ორივე გოლი ხომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაიტანა!
...2008 წელს ზედიზედ სამი (!) წაგებული ფინალის შემდეგ "ზესტაფონმა" შეძლო და საქართველოს თასი მოიპოვა; იმ შემადგენლობიდან გუნდში როინ კვასხვაძე, ედიკ საჯაია და გიორგი ხიდეშელი არიან დარჩენილნი; თუმცა ამათ გარდა, "ზესტაფონში" ისეთი ფეხბურთელებიც არიან, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში რომ უზეიმიათ თასის მოპოვება: გიორგი ონიანი ("ლოკომოტივი"), შოთა გრიგალაშვილი ("დინამო"), რატი წინამძღვრიშვილი ("ამერი"), ლევან შარიქაძე, აბაიომი ოვონიკოკო (ორივე - "გაგრა").
დაბოლოს, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც: დავით მუჯირი საქართველოს თასის ფინალში 14-წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს!
იბეჭდება შემოკლებით ... |