ეროვნული თასის ფინალი. მატჩისწინა კომენტარები
ხვალ "მიხეილ მესხზე" ზესტაფონის "ზესტაფონი" და გორის "დილა" საქართველოს თასის ფინალურ მატჩს გამართავენ. Geosports.ge მატჩის წინა დღეს გამართული ვარჯიშის წინ "ზესტაფონის" ფეხბურთელებს ესაუბრა. როგორც მათი საუბრიდან გავარკვიეთ, იმერლებში საბრძოლო განწყობაა, ფეხბურთელები კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად მზად არიან.
თეიმურაზ ღონღაძე: "ხვალინდელი თამაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. რომელი გუნდი გახდება გამარჯვებული ძნელი სათქმელია, რადგან ორივე მათგანი ძლიერია. ის მოიგებს, ვინც უკეთ ითამაშებს. შევეცდებით, ჩვენ ვიყოთ გამარჯვებულთა მხარეს".
ჯაბა დვალი: "ხვალინდელი ჩვენი შეხვედრა კლუბისთვის ბევრს ნიშნავს და ვეცდებით, თავი არ დავზოგოთ და მოვიგოთ. თქვენს გადაცემაშიც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, "ზესტაფონს" შეუძლია ყველა ტიტულისთვის ბრძოლა, ამ შანსსაც აუცილებლად გამოვიყენებთ".
* * *
მატჩის წინ კომენტარები ჟურნალისტებისთვის მწვრთნელებმაც გააკეთეს. საქართველოს ჩემპიონი გუნდის დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მომავალი დაპირისპირების მნიშვნელობასა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელები მწყობრში არიან, მხოლოდ ხიდეშელი და ბენაშვილი ვერ დაეხმარებიან მათ, რადგან დიდი ხანია ორივე მათგანს ტრავმები აწუხებს.
"ხვალ ძალიან მნიშვნელოვნი მატჩი გველის. ჩემი ფეხბურთელები მწყობრში არიან. ტრავმები მინიმალური გვაქვს. ძირითადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. სურვილი გვაქვს, რომ მოვიგოთ და დუბლი გავიფორმოთ. არასდროს არ მოუგია გუნდ ორივე ერთად, ამიტომ, ვეცდებით ეს შანსი გამოვიყენოთ. მოტივაციაც უფრო მეტი გვაქვს და მობილიზებაც.
სეზონის წინ დავისახეთ მიზნად, რომ ჩემპიონები ისევ გავმხდარიყავით და თასიც მოგვეპოვებინა, ზოგადად ყველა ფლანგზე გვებრძოლა. სულ ვიმეორებ, რომ ჩემპიონობა რთულია, მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული.
რთული სეზონი გამოდგა. ფეხბურთელები გადაიღალნენ, რადგან ყოველ 4 დღეში თამაში გქვონდა, მხოლოდ ჩვენ არა, სხვა კლუბებზეც შეიძლება იგივე ოთქვას. მიუხედავად ამისა, მზად ვართ თასის ფინალი მოვიგოთ და ევროთასებზეც წარმატებულად ვიასპარეზოთ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. თუმცა გუნდში ვინც გვყავს, ყველა ძლიერი ფეხბურთელია. "ზესტაფონი" ლიდერი გუნდია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის.
რაც შეეხება მეტოქეს, ძლიერი გუნდია და შანსები თანაბარია", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.
|