24.05.2012

 

 

 

 

 

იმედი მაქვს, ფინალს მოვიგებთ

 

 

 

 

 

 

 

შარშან, როდესაც გია ჭიაბრიშვილმა “ზესტაფონთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, უმთავრესი პირობა ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება იყო. ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდს ჩემპიონობა მოაგებინა და ახლა, დუბლის შესრულების შანსიც აქვს. 26 მაისს, “ზესტაფონი” საქართველოს თასისთვის გადამწყვეტ მატჩში გორის “დილას “შეხვდება და მთავარი მწვრთნელის რანგში ჭიაბრიშვილსთვის მომავალი ფინალი პირველია. “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” თავკაცს, როგორც ფინალზე, ასევე განვლილ ჩემპიონატზე ესაუბრა.

 


- ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საქართველოს თასზეც მაქსიმალურ შედეგს გეგმავთ? ხომ არ არის მოსალოდნელი გუნდი ცოტა მოდუნდეს, რადგან ოქროს მედლები გარანტირებული აქვს?
- საქმისადმი ჩვენი მიდგომიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, რაიმე მოდუნება გამორიცხულია. ისეთი კლუბი არ ვართ და არც იმდენი ტიტულები გვაქვს, რომ საქართველოს თასის მოგება მნიშვნელოვანი არ იყოს. ამიტომ, თავიდან ბოლომდე საბრძოლო განწყობა გვაქვს.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში ჩემპიონის გამოვლენასთან დაკავშირებულმა ორომტრიალმა “ზესტაფონის” გაჩემპიონება ცოტა არ იყოს გააუფერულა? აქამდე, საქართველოს ჩემპიონი აღმასკომის სხდომას არასოდეს დაუდგენია.
- მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ჩემპიონობა გაუფერულდა, რადგან გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა. აღმასკომს, პირიქით რომ გადაეწყვიტა, ჩემპიონატი მართლა გაუფერულდებოდა და ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდებოდა. ჩემპიონატის დაწყებიდან ბოლომდე რომ მივყვეთ, გამარჯვება მორალურად და სხვა ყველა ასპექტითაც გვეკუთვნოდა. გათამაშების დებულებაც ისე იყო შედგენილი, რომ ხელი ჩვენ შეგვიწყო. დებულება სხვანაირად რომ შეედგინათ, აღმასკომიც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. რეალურად ჩემპიონობის ღირსი ვიყავით, რადგან სხვებთან შედარებით ცოტა უკეთესი გუნდი გვყავს. ჩემპიონები “სუფთა” და ლამაზი თამაშით გავხდით. ადამიანურად მესმის “მეტალურგის” ფეხბურთელების. ძნელია, როდესაც ჩემპიონობას ზეიმობ და შემდეგ დაკარგავ. ეს მომენტი ადამიანურად მეც განვიცადე.


- თასის ფინალისთვის გუნდი სად და როგორ ემზადება?
- ზესტაფონში, ჩვენ საწვრთნელს ბაზაზე ვვარჯიშობთ. თბილისში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩამოვალთ, სასტუმროში დავბინავდებით და მზადებას გავაგრძელებთ. ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებთ და ორი ან სამი დღით ადრე შეკრებაზე არც ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ გადავსულვართ და არც ევროპის ლიგის.


- ტრავმების გამო მომავალ მატჩში რომელი ფეხბურთელები დაგაკლდებათ?
- ტრავმირებული არიან გიორგი ხიდეშელი და ალექსი ბენაშვილი, რომლებიც ფაქტობრივად მთელი სეზონის განმავლობაში ვერ გვეხმარებოდნენ. ხიდეშელი ბელგიაშია წასული ოპერაციის გასაკეთებლად.


- მეტოქეს როგორ შეაფასებთ?
- “დილა” საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, როგორც ფეხბურთელების, ასევე, მწვრთნელების მხრივ. თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის სახით გორელებს ძალიან ძლიერი მწვრთნელები ჰყავთ. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ გუნდი მოკლე დროში შეთამაშდა, რაც იოლი არაა. როდესაც გუნდი ჩაიბარეს, “დილაში” ქაოსი იყო. მათ “დილას” თავისი ხელი დაატყვეს და გორელებს დრო არ ეყოთ, თორემ დიდი შანსი იყო, უფრო მაღალი ადგილი დაეკავებინათ. რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “დილა” ჩაიბარა, კლუბს სხვა დაფინანსება და მოვლა-პატრონობა აქვს. ჩვენ თავიდან ცოტა სხვანაირად შევხედეთ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის მიზნებიდან გამომდინარე, “დილა” ერთი სეზონის გუნდი ნამდვილად არაა. მისი სახით საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ძლიერი კლუბი მივიღეთ, რაც ჩვენ ფეხბურთს წაადგება.


- განვლილ ჩემპიონატში “დილამ” ბევრი პრობლემა შეგიქმნათ და აქედან გამომდინარე, თასის ფინალსაც დაძაბულს უნდა ველოდოთ?
- ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ შესაძლოა უკეთესი გუნდი გვყავს, მაგრამ ორივეს გამარჯვების თანაბარი შანსი გვაქვს. “დილაც” კარგია გუნდია და ჩვენც. ტიტულის მოსაგებად თავს არ დავზოგავთ. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ევროტურნირებისთვის ვემზადებით, სადაც გამოსვლა ჩვენი შრომით დავიმსახურეთ. დაგვრჩა ტიტულის მოგება, რასაც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი ჰქვია. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ლამაზ სანახაოებრივ თამაშს ვაჩვენებთ და კარგი ფინალი იქნება. იმედი მაქვს თასის გადამწყვეტ მატჩს მოვიგებთ.

 

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005