ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
ახლა უფრო დიდი ბრძოლა იწყება!
საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია. ბევრი მითქმა-მოთქმის და გაურკვევლობის შემდეგ, აღმასკომმა დაამტკიცა, რომ დებულების მიხედვით, სრულიად სამართლიანად, საქართველოს ჩემპიონი ზესტაფონის "ზესტაფონია". Geosports.ge-მ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშილს ჩემპიონობა მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
"ძალიან გახარებული ვარ, "ზესტაფონი" მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ის ემოცია არ მაქვს, რასაც მოედანზე ამ ზეიმის აღნიშვნა იწვევს. ძალიან მინდოდა ფეხბურთელებთან და გულშემატკივართნ ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება. ახლა კი ყველანი ცალ-ცალკე ვზეიმობთ. სფფ-მ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ჩემპიონები გავხდით, ვულოცავ ყველა გულშემატკვარს და ფეხბურთის მოყვარულს", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
- 23-ე ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა, "ზესტაფონმა" საკმაოდ რთული სეზონი განვლო, როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის ასპარეზობას?
- ძალიან დამღლელი და რთული სეზონი განვვლეთ, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემპიონობის მოპოვება რთულია, მაგრამ შენარჩუნება უფრო რთული. ყველა გუნდი ორმაგად მობილიზებული გამოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ. უმაღლეს ლიგაში ძალიან ძლიერი გუნდები ასპარეზობდნენ, მაგრამ მათგან ჩვენ გამოვავლინეთ ნამდვილი ჩემპიონის სახე და ტიტული შევინარჩუნეთ.
- გასულ წელს "ზესტაფონმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები კარგად ჩაატარა, გუნდს სულ ცოტა დააკლდა ჯგუფურ ეტაპამდე. წელს ისევ შეეცდებით ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მაქსიმალურად ბევრი ეტაპის გადალახვას?
- ყველანაირად გაანალიზებული და გაცნობიერებული გვაქვს, რომ წინ მძიმე პერიოდი გველის. დღეს ჩემპიონები გავხდით, მაგრამ დღეიდანვე ვიწყებთ ფიქრს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპების თამაშებისთვის. შარშან დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც დაგვეხმარება შეცდომების გამოსწორებაში და წარმატების მოპოვებაში. ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ჩვენი კლუბის სახელს და პრესტიჟს არ ვიცავთ, ჩვენ წარმოვადგენთ მთელ საქართველოს. გვინდა, ქვეყნის სახელი ევროპაში გავიტანოთ. სეზონის დასაწყისშივე ეს იყო ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა, რაც შევასრულეთ. ახლა უფრო დიდი ბრძოლა იწყება!
- რას ფიქრობთ, "ზესტაფონი" შეძლებს ამ შემადგენლობით წარმატების მიღწევას?
- ფეხბურთში ასე ხდება, ზოგი მიდის გუნდიდან, ზოგი რჩება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ყველა მოთამაშე შევინარჩუნოთ, ზოგ მათგანს უცხოეთში თამაშის პერსპექტივა აქვს, ზოგს კი კონტრაქტი უმთავრდება. ვეცდებით, გუნდის მთავარი ბირთვი და ხასიათი არ დავკარგოთ.
ჩემპიონები გავხდით, ეს იმას ადასტურებს, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ვეცდებით, მაქსიმალურად გაძიერებულნი შევხვდეთ საკვალიფიკაციო ეტაპს.
|