21.05.2012

 

 

 

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

ერთი სურვილი ავისრულეთ, ჯერი მეორეზეა

 

 

 

 

 

 

საქართველოს რიგით 23-ე ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონი და საუკეთესო გოლეადორი ჯაბა დვალი ბედნიერია, რომ ზედიზედ მეორედ შეძლო ჩემპიონატის მოგება. 27 წლის ფეხბურთელისთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთებულია, მან 20 გოლი ჩაიწერა აქტივში. Geospots.ge ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს ჯაბა დვალს ესაუბრა.

 

"სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ. მთელი სეზონის განმავლობაში "ფეარ პლეის" წესების სრული დაცვით ვთამაშობდით, ძალიან ბევრი სირთულე გადავლახეთ და დამსახურებულად გავხდით ჩემპიონები. ჩემთვის ეს სეზონი განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი - ეს ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის დადიოდა ჩვენს თამაშზე და გვგულშემატკივრობდა. სასიხარულოა, რომ საქმეში, რომელშიც დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ, წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ფეხბურთელმა.

- როგორი იყო ეს სეზონი "ზესტაფონისთვის"?

- პლეი ოფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, გამომდინარე აქედან, ჩემპიონობის მოპოვება ძალიან ძნელი გამოდგა. რთული თამაშები გვქონდა ისეთ გუნდებთან, როგორიცაა - "მეტალურგი", "დინამო" თბილისი, "ტორპედო", "დილა". ძალიან ძლიერი კლუბებია ძლიერი ფეხბურთელებით, მაგრამ ჩვენ გავუძელით! ამ ყველაფერს ტკბილი დასასრული ჰქონდა...

- შარშან სულ ცოტა დაგაკლდათ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახევდრად... რას ფიქრობ, წელს "ზესტაფონს" შესწევს ძალა ითამაშოს ჯგუფურ ეტაპზე?

- შარშან მართლაც ახლოს ვიყავით მიზანთან. შეგვეძლო, ჯგუფში მოვხვდერილიყავით. თუმცა დიდი გამოცდილება შევიძინეთ და წელს უფრო ღირსეულად გამოვალთ ევროთასზე. გამოვასწორებთ იმ შეცდომებს, რაც გასულ წელს დავუშვით. საკმაოდ შეთამაშებული გუნდი ვართ, მაგრამ ნებისმიერ გუნდს წაადგება გაძლიერება. იმედი მაქვს, წელს მივაღწევთ დასახულ მიზანს. ერთი სურვილი უკვე ავისრულეთ და გავხდით ჩემპიონები, ჯერი მეორეზეა...


www.geosports.ge
   
FC ZESTAFONI © 2005