2012 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის დასკვნითი მეთოთხმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე იმერულმა კლუბმა მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” უმასპინძლა...
მატჩის დაწყების წინ, ადგილობრივმა კომენტატორმა შეხვედრაზე დამსწრე ქომაგებს კლუბის პრეზიდენტის - ილია კოკაიას მიმართვა გააცნო. “საქართველოს ჩემპიონის ბედი მხოლოდ და მხოლოდ ამ შეხვედრაში გადაწყდება და არავითარ შემთხვევაში, სხვა ქალაქში გასამართ მატჩში. “ზესტაფონის” გამარჯვების შემთხვევაში, მიუხედავად პარალელურად მიმდინარე შეხვედრისა, ჩემპიონად “ზესტაფონი” გამოცხადდება. მხარი დავუჭიროთ საყვარელ გუნდს”, - ასეთი იყო მიმართვის ძირითადი პათოსი.
თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩატარდა. ზესტაფონელებს შეტევაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ანგარიში ალბათ ორნიშნა ციფრით გამოისახებოდა, ამიტომაც ყურადღებას მხოლოდ გოლებზე შევაჩერებთ.
სამივე გოლი პრაქტიკულად ერთნაირი გამოდგა და სამჯერვე თავი შოთა გრიგალაშვილმა ისახელა, ასისტენტობას კი შოთას ჯაბა დვალი უწევდა.
31-ე წუთზე, ეროვნული პირველობის ბომბარდირმა გამოზომილი პასი გაუკეთა გრიგალაშვილს, რომელმაც თანაგუნდელებისა და ქომაგების იმედები გაამართლა. შოთას ძლიერი დარტყმა ზუსტი გამოდგა – 1:0.
44-ე წუთზე, ისევ დვალმა ითამაშა მშვენივრად და გრიგალაშვილი ამჯერადაც მეკარესთან პირისპირ დატოვა – 2:0.
მე-2 ტაიმში, 61-ე წუთზე, დვალმა ეფექტურად, ნახტომში, ქუსლით დაუგდო ბურთი გრიგალაშვილს, რომელმაც გამოზომილად დაარტყა და ჰეთთრიკიც გაიფორმა – 3:0.
ამას გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, იყო უამრავი საგოლე მომენტი, რომელთა აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელი გახლავთ. “ზესტაფონმა” გადამწყვეტ შეხვედრაში მართლაც საჩემპიონო თამაში აჩვენა და მოწინააღმდეგე უშანსოდ დაამარცხა.
არბიტრის საფინალო სასტვენისთანავე, ტრიბუნებზე საზეიმო განწყობა შეიქმნა. გულშემატკივრები სათითაოდ სკანდირებდნენ გუნდის თითოეული ფეხბურთელის სახელს. მილოცვებს ფეხბურთელებიც იღებდნენ, მართალია, შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ ზეიმს ფეხბურთელებიც უერთდებოდნენ.
მატჩის შემდეგ, ზესტაფონელთა მთავარ მწვრთნელს - გია ჭიაბრიშვილს გავესაუბრეთ: “მართალია, “ზესტაფონის” მწვრთნელი ვარ, მაგრამ ობიექტურად, ყველაზე კარგ ფეხბურთს ჩვენი გუნდი თამაშობს. ვთვლი, რომ ჩემპიონობა დავიმსახურეთ. ეს უშუალო კონკურენტთან შეხვედრებმაც დაადასტურა. შევეცდებით, მომავალ სეზონშიც ღირსეულად ვიასპარეზოთ”.
დასასრულს, კლუბის პრესსამსახურმა გუნდის პრეზიდენტის მიმართვა გაგვაცნო: ”ვულოცავ ყველა ზესტაფონელს ჩემპიონობას. სანამ მე ქართულ ფეხბურთში ვიქნები, ჩემპიონის ბედი აღებ-მიცემობით კი არა, მინდორზე პატიოსან ბრძოლაში გადაწყდება”. ბუნებრივია, მთელი ზესტაფონი სიხარულმა მოიცვა და ხალხი საყვარელი გუნდის ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებას გულწრფელად ზეიმობდა.
26 მაისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის ფინალურ შეხვედრაში იასპარეზებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში მარგველები გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” დაუპირისპირდებიან, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.