18.05.2012

 

 

 

 

 

სააგენტო GHN-ის პუბლიკაცია

ილია კოკაია: „მაქვს ინფორმაცია „მერანი"-„მეტალურგის" გარიგების შესახებ"

 

 

 

 

 

 

 

XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ს.კ. „ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ, 17 მაისს კლუბის თბილისურ ოფისში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.


შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე დამტკიცებული სფფ-სვე ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატებისა და თასის გათამაშების დებულება. ამ დოკუმენტის 4.4.1., 4.4.2, 4.4.3., 4.4.4. და 4.4.5. მუხლებში წერია, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობის გამოსავლენად, ამოსავალ წერტილად მხედველობაში მიიღება გუნდების მიერ ჩემპიონატში მოპოვებული მოგებათა მეტი რაოდენობა, ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა და ა.შ.


დებულების ამ მუხლების გამოყენება იმიტომ გახდა საჭირო, რომ დასკვნითი ტურის წინ „ზესტაფონსა" და რუსთავის „მეტალურგს", 52-52 ქულა დაუგროვდათ. ფედერაციის ვერსიით, რომელიც კლუბებისთვის დარიგებულ დებულების განმარტებას (და არა აღმასკომის მიერ განხორციელებულ ცვლილებას) ეყრდნობა, უპირატესობა „მეტალურგის" მხარესაა. განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ იმერული კლუბის მფლობელს, რის შესახებაც მან აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვიდრე ნახსენებ შეხვედრაზე, ილია კოკაიას საკმაოდ საყურადღებო არაერთ გამონათქვამს შემოგთავაზებთ, შევეცდებით ცოტათი უკეთ გაგარკვიოთ, რატომაა რომ „ზესტაფონი" თავს დაჩაგრულად თვლის. ამის ნათლად წარმოსადგენად თქვენთვის რამდენიმე ცხრილის გაცნობა მოგვიწევს.

ცხრილი № 1. საუკეთესო 8 გუნდის სატურნირო მდგომარეობა რეგულარული ჩემპიონატის (06.08.2011-08.03.2012) შემდეგ

1. ზესტაფონი 22 17 3 2 45:17 54
2. დინამო 22 14 3 5 44:24 45
3. ტორპედო 22 13 4 5 33:19 43
4. მეტალურგი 22 9 6 7 25:26 33
5. მერანი 22 9 3 7 23:26 30
6. ბაია 22 8 4 10 21:26 28
7. დილა 22 7 5 10 29:28 26
8. კოლხეთი 22 6 8 8 19:24 26

ცხრილი № 2. საუკეთესო 8 გუნდის სატურნირო მდგომარეობა პლეი ოფში (12.03.2012-დან დღემდე)

1. მეტალურგი 13 9 2 2 19:9 29
2. ზესტაფონი 13 6 4 3 25:16 22
3. დილა 13 6 4 3 20:12 22
4. ტორპედო 13 6 3 4 14:11 21
5. კოლხეთი 13 6 2 5 17:21 20
6. დინამო 13 2 8 3 14:14 14
7. მერანი 13 2 2 9 19:30 8
8. ბაია 13 1 3 9 13:27 6

ცხრილი № 3. საუკეთესო 8 გუნდის მდგომარეობა სეზონის დაწყებიდან (06.08.2011-დან დღემდე)

1. ზესტაფონი 35 23 7 5 70:33 76
2. ტორპედო 35 19 7 9 47:30 64
3. მეტალურგი 35 18 8 9 44:35 62
4. დინამო 35 16 11 8 58:38 59
5. დილა 35 13 9 13 49:40 48
6. კოლხეთი 35 12 10 13 36:45 46
7. მერანი 35 11 5 19 42:56 38
8. ბაია 35 9 7 19 34:54 34

ცხრილი № 4. საუკეთესო 8 გუნდის მდგომარეობა, რომლის მიხედვით სფფ აპირებს ჩემპიონის გამოვლენას

1. მეტალურგი 27 16 4 7 37:28 52
2. ზესტაფონი 27 15 7 5 49:28 52
3. ტორპედო 27 13 6 8 31:23 45
4. დილა 27 10 7 10 36:29 37
5. დინამო 27 9 10 8 41:34 37
6. კოლხეთი 27 8 8 11 25:37 32
7. ბაია 27 5 7 15 24:43 22
8. მერანი 27 6 3 18 31:52 21

იმის გათვალისწინებით, თუ რა წერია სფფ აღმასკომზე დამტკიცებულ 2011-2012 წწ XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებულებაში, ბოლო ცხრილში 2 ცვლილებაა შესატანი - ადგილები უნდა გაცვალოს ორმა წყვილმა - „მეტალურგმა" „ზესტაფონს", „დილამ" „დინამოს". ამის დოკუმენტური დასაბუთება სწორედ დებულების 4.4.1., 4.4.2, 4.4.3., 4.4.4. და 4.4.5. მუხლებში წერია - თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობის გამოსავლენად, ამოსავალ წერტილად მიიღება გუნდების მიერ ჩემპიონატში მოპოვებული მოგებათა მეტი რაოდენობა, ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა და ა.შ.


ჰოდა, ვინაიდან ჩემპიონატში (იხილეთ ცხრილი № 3) „ზესტაფონმა" 23 და „მეტალურგმა" 18, ხოლო „დინამომ" 16 და „დილამ" 13 მატჩი მოიგეს, სწორედ ისინი უნდა იყვნენ ცხრილის უფრო მაღალ საფეხურზე.


ახლა კი, მოკლედ სფფ-ს მიერ საკუთარი იურიდიული კაზუსის (უკვე მერამდენე) „გასამაგრებლად" მოყვანილ დოკუმენტზეც ვთქვათ, რომელიც ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის ნოდარ კაკულიას ხელმოწერითაა შედგენილი და უმაღლესი ლიგის კლუბებს დაეგზავნათ.


უკვე ამ წერილის გაგზავნის თარიღშია მორიგი იურიდიული კაზუსი. წერილი კლუბებს 2012 წლის 15 მარტს გაუგზავნეს, პლეი ოფი კი 12 მარტს დაიწყო. ე.ი. „ზესტაფონს", რომელიც ამ საკითხის საზოგადოებისთვის გაცნობის ინიციატორია, 1 მატჩი უკვე ნათამაშები („კოლხეთთან" 4:0 მოიგო) ჰქონდა.


და კიდევ ერთი და უფრო მთავარი კაზუსი. ამ 15 მარტის განმარტების ბოლო აბზაცში წერია: „თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1., 4.4.2, 4.4.3., 4.4.4., 4.4.5., 4.4.6. და 4.4.7. მუხლების მიხედვით".


რა წერია ამ მუხლებში, ამაზე ზემოთ უკვე დავწერეთ - უპირატესობა ენიჭება ჩემპიონატში მეტი მოგების მომპოვებელ გუნდს.
მოკლედ, ეს საკითხი ფედერაციისთვის ასე მარტივად რომ არ დამთავრდება, აშკარაა.


ახლა კი დაპირებული ამონარიდები ს.კ. „ზესტაფონის" პრეზიდენტის ილია კოკაიას 17 მაისის პრესკონფერენციიდან.


- ჩვენ ვუყურებთ სფფ-ს აღმასკომის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს, სადაც გარკვევით წერია რა შემთხვევაში ხდება გუნდი ჩემპიონი. თუ რამე შესაცვლელი იყო, ეს უნდა მომხდარიყო აღმასკომზე მისი დამტკიცებით. რაც არ მოხდა და როგორც ხედავთ, შეიქმნა სიტუაცია, როცა ტურნირის დამთავრების შემდეგ გუნდებს ექნებათ თანაბარი ქულები.


- ვერაფრით დავეთანხმებით იმას, რომ ფედერაცია გამოაცხადებს რუსთავის „მეტალურგს" ჩემპიონს. მაშინ „ზესტაფონი" გამოაცხადებს „ზესტაფონს" ჩემპიონად. ამ დებულებით, თუ ჩვენ მოვიგებთ ბოლო თამაშს მარტვილის „მერანთან", „ზესტაფონი" ხდება ჩემპიონი.


- აუცილებლად დავემორჩილებით ფედერაციის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტის, გენერალური მდივნის ან ვიცე-პრეზიდენტის კომენტარი, ფედერაციის გადაწყვეტილებაა. ეს უნდა იყოს აღმასკომის, ან მასზე მაღალი ორგანოს - ყრილობის გადაწყვეტილება.


- ჩემთვის მიუღებელია, როცა წინასწარ დგება ყველასათვის გაუგებარი განცხადებები, რომელთა შინაარსი ყველა დასაშვებ ნორმებს სცდება - თითქოს ეჭვქვეშ უნდა დადგეს „ზესტაფონის" რომელიმე თამაშის სიწმინდე. იცით, რომ გამოსული იყო რუსთავის „მეტალურგის" აღმასრულებელი დირექტორი ბუბა ტყავაძე, რომელმაც თქვა - ნახეთ, დაუკვირდით, გორის „დილასთან" „ზესტაფონის" თამაშს გარიგების სუნი უდისო. მინდა ასეთი განცხადებისთვის პასუხი მოვთხოვო ამ კაცს.
მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის რა მეთოდებით მოქმედებს ეს ხალხი და ამის მოთმენა აღარ შეგვიძლია. ჩვენ გავუგზავნეთ ფედერაციას წერილი და ვითხოვთ, გამოიკვლიონ მარტვილში ჩვენი (4:4 - რედ.) და „მეტალურგის" (რუსთაველებმა 3:2 მოიგეს - რედ.) თამაშები.


- ერთხელ და სამუდამოდ ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს ასეთი სიბინძურისგან, რასაც გაღმა შედავებით ცდილობს ეს ხალხი.


- 8 წელია ქართული ფეხბურთის შენებაში ვართ და გვინდა ხელი არავინ შეგვიშალოს ამ საქმეში. ის ხალხი, ვინც ასეთ გარიგებებში იღებს მონაწილეობას, უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან. ჩვენ დავსვამთ ამ საკითხს და თუ ისე არ გადაწყდება, როგორც ქართული ფეხბურთისთვისაა უკეთესი, ვიტოვებთ უფლებას, რომ საერთოდ მივატოვოთ სფფ-ს ეგიდით ჩატარებული შეჯიბრებები.


- გავრცელებული იყო ხმები, რომ „დილა" „ზესტაფონს" დაუთმობს ჩემპიონატის თამაშს და სამაგიეროდ, ჩვენ დავუთმობთ გორელებს თასის ფინალს. გპირდებით, ეს არასოდეს მოხდება. ჩვენ მზად ვართ, საერთოდ არ ვითამაშოთ ეს თასის ფინალი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს სიბინძურე არ დასრულდება.


- ჩვენ პრეტენზია გვაქვს ერთ თამაშზე, სადაც მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემპიონ გუნდს ბოლო წუთებზე 2 პენალტი დაუნიშნო („მერანი"-„ზესტაფონი" 4:4 - რედ.) და ამით რეზულტატს მიაღწიო, აღმაშფოთებელია.
მეორეც, გვჯერა, რომ გარიგებული თამაში იყო მარტვილში, სადაც „მერანმა" რუსთავის „მეტალურგთან" 3:2 წააგო. ამ მატჩის სიწმინდეზე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს და ვითხოვთ, გამოიძიონ. თუ საგამოძიებო ორგანოებიდან ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც გამაჩნია. გადაამოწმონ და დაადგინონ, ჭორია ეს ყველაფერი თუ სინამდვილე.

 

პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ აქ

ახალი ამბების სააგენტო ""ჯი-ეიჩ-ენი"
   
FC ZESTAFONI © 2005