16.05.2012

 

 

 

 

 

“არა გარიგებულ თამაშებს” – “არ შეიძლება!”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“არა გარიგებულ თამაშებს”, – ბანერი, რომელიც ორიოდ თვის წინათ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა დაამზადა და რომელიც ქართულ გუნდებს და ფეხბურთის ფედერაციას “ფეარ პლეის” წესების დაცვისკენ მოუწოდებს, ოთხშაბათს, ვაკეში, “მიხეილ მესხზე” უნდა გაეშალათ, მაგრამ რატომღაც, დაცვის სამსახურმა გულშემატკივრებს ამის უფლება არ მისცა. წესრიგის დამცველებმა ორსიტყვიანი დაზეპირებული პასუხი იკმარეს – “არ შეიძლება”! შეკითხვაზე – “რატომ”, პასუხი კიდევ უფრო მარტივი იყო: “იმიტომ, რომ არ შეიძლება”!


საქმეს ვერც ჟურნალისტების ჩარევამ უშველა, თუმცა, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებოდა - უკვე წესად იქცა, “მიხეილ მესხზე” ფოტოკორესპონდენტებს არენაზე ჩასვლა და თავიანთი საქმის კეთება, რატომღაც, სასტიკად ეკრძალებათ. მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის ამაოდ ლოდინში კი, ლამის შემოგვაღამდა. ბოლოს, კომენტარები მას შემდეგღა ჩავწერეთ, მოთამაშე გუნდების: გორის “დილასა” და “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელები გასახდელებიდან შინ გასამგზავრებლად რომ გამოვიდნენ.


ბანერი ვახსენეთ და აქვე გავიხსენებთ, რომ მისი დამზადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გორის “დილას” რამდენიმე საეჭვო შედეგით დასრულებული თამაში გახდა. აქა-იქ, გუშინაც გაიგონებდით, თამაშის დაწყებამდე, აქაოდა, “დილას” ზესტაფონელთა გაჩემპიონება აწყობს და არ იბრძოლებსო, მაგრამ ვინც თამაში ნახა, დაგვერწმუნება, გორელებმა იშვიათი შემართებით იბრძოლეს. ისეთი შემართებით, რომლითაც იმავე “ზესტაფონს” უკვე ორჯერ დააკარგვინეს ძვირფასი ქულები და მიზანთან დღესაც საკმაოდ ახლოს იყვნენ.


იმერლებმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მატჩის მიწურულსღა მოახერხეს, ოღონდ ეს ნამდვილად არ განეკუთვნებოდა საქართველოს ჩემპიონატში ბოლო წუთებზე გასულ საეჭვო გოლთა რიცხვს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა 2:1 მოიგო. არადა, მოქმედ ჩემპიონებს თავისუფლად შეეძლოთ თამაშის ბედი მატჩის პირველ თხუთმეტ წუთშივე გადაეწყვიტათ.


მე-8 წუთზე, ზაალ ელიავას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ალექსანდრე ინწკირველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი, ჯაბა დვალმა გამოიყენა – 1:0.
ჩემპიონატის ბომბარდირი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ხუთიოდ წუთში ისევ მივიდა, მას შემდეგ, რაც იმავ ინწკირველმა საჯარიმოში წააქცია. დვალის მეორე ცდა წარუმატებელი გამოდგა – ბურთი ხარიხას გადასცდა.
იმერელთა მორიგი შეტევაც რეალური საგოლე მომენტით დასრულდა. “დილას” კარის დარაჯთან - ბექა შეყრილაძესთან პირისპირ გასულმა თორნიკე გორგიაშვილმა ბოლო წამს ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და ანგარიშის გაზრდის შანსიც ქარს გაატანა. ტაიმის ბოლოს, გორგიაშვილი და შეყრილაძე პირისპირ ერთხელაც აღმოჩნდნენ, შოთა გრიგალაშვილის გონივრული გადაცემის შემდეგ, მაგრამ ამ დუელშიც მეკარემ იმარჯვა.


შესვენებამდე გატანა თავად გრიგალაშვილსაც მართებდა, მაგრამ კარის ხაზიდან ორიოდ მეტრიდან დაშორებულმა როგორღაც აცილება მოახერხა.
გორელებმა შესვენებამდე 2 დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. ჯერ იყო და საჯარიმოს კუთხიდან სანდრო გურულის მიერ კარში ჩახვეული ჯარიმა “ზესტაფონის” გოლკიპერმა როინ კვასხვაძემ გადააგდო კუთხურზე, იქიდან ჩამოწოდებულს კი, რევაზ ბარაბაძის უძლიერესი თავური მოჰყვა და ბურთი კარის ხაზიდან ზაალ ელიავამ გამოიტანა.
ტაიმის ბოლოს, დავით მუჯირმა მეტოქის კარიდან დაახლოებით 30 მეტრში, თავისი წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმიდან ჩვეულ სტილში დააქუხა და შეყრილაძის კარის ხარიხა შეაზანზარა.


მე-2 ნახევარი პირველის სცენარით დაიწყო და “ზესტაფონმა” მორიგი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. დვალის მიერ ხუთიოდ მეტრიდან შესრულებულ ძლიერ დარტყმას შეყრილაძის მორიგი გაბრწყინება მოჰყვა, ოღონდ იმ ეპიზოდში ნომინალურ მასპინძლებს იღბალიც წაეხმარათ - მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი ძელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.


55-ე წუთზე კი, არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მე-3 პენალტი დანიშნა, ოღონდ უკვე “ზესტაფონის” კარში. საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გურული მამუკა კობახიძემ წესების დარღვევით შეაჩერა და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა - 1:1.


სტუმრებს ანგარიშის კვლავ სათავისოდ შეტრიალება სწრაფადვე შეეძლოთ, მაგრამ გორგიაშვილის უძლიერეს შორეულ დარტყმას კვლავ შეყრილაძე გადაეღობა, მოგერიებულ ბურთს კი, ფეხი ხეირიანად შოთა ბაბუნაშვილმა ვერ დაუხვედრა.
ეს იყო და “ზესტაფონი” მოულოდნელად მოეშვა. იმის მაგივრად, რომ გადამწყვეტ შტურმზე გადასულიყო, დაახლოებით 15 წუთით, ბურთზე კონტროლი მეტოქეს გადააბარა. გორელებმა დროის ამ მონაკვეთში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნეს, მაგრამ გურულისა და შეცვლაზე შესული მათე ვაწაძის მომენტთაგან, რეალურ საგოლეს, ვერც ერთს დავარქმევთ.


ჭიაბრიშვილის შეგირდები მსაჯის მიერ დამატებულ დროშიღა გამოცოცხლდნენ. ჯერ იყო და შეცლაზე შესულ ლუკა გუგუჩიას აჯობა შეყრილაძემ, შემდეგ კი საგოლე კომბინაციაც ვიხილეთ. ისიც შესვლაზე შესული მოთამაშეების, აბაიომი ოვონიკოკოსა და აფციაურის შესრულებით. ამ უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაჰკრა და ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი კარში შევარდა – 1:2.


მოქმედმა ჩემპიონმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მიითვალა, მაგრამ უმთავრესი კონკურენტის – რუსთავის “მეტალურგის” ქულებით გადასასწრებად ეს შედეგი მაინც არ ეყო. ზესტაფონიდან ჩამოსულმა ორასამდე გულშემატკივარმა საფინალო სასტვენისთანავე იცოდა რუსთავული მატჩის (“მეტალურგი” – “დინამო” 2:1) ანგარიში და ვიპ-ლოჟაში მჯდომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ჩემპიონატის უაზრო რეგლამენტი სკანდირებით შეახსენა.


თეიმურაზ შალამბერიძე (“დილას” მთავარი მწვრთნელი):
“ბიჭების შემართებით და საბრძოლო ჟინით ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი შედეგზე. “ზესტაფონი” ძალიან კარგი გუნდია, დღეს უპირატესობა მას ჰქონდა და დამსახურებულადაც მოიგო”.
გიორგი ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი):
“სიცხეში მოგვიწია თამაშმა და ბოლოს ფეხბურთელებს დაღლილობა დაეტყოთ. ხარისხი ნამდვილად ვერაა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ საბედნიეროდ, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოვახერხეთ”.

 

ოთარ მაღლაკელიძე, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005