16.05.2012

 

 

 

 

 

რთული გამარჯვება "დილასთან" შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეცამეტე ტურის მატჩები. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

 

მიხეილ მესხის სტადიონზე დღეს გამართულ შეხვედრას ინტრიგა და დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა - ერთმანეთის პირისპირ ხომ ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მოახლოებული ფინალის მონაწილენი დაუპირისპირდნენ. შეხვედრას ინტრიგას მატებდა ისიც, რომ მთავარი ქართული ტიტულის მოპოვებისათვის მებრძოლ სტუმრებს ოქროს მედლების მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ.

 

შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და უკვე 8-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშს გამო, გორელები მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაისაჯნენ - ჯაბა დვალის დარტყმული ზუსტი გამოდგა. 12-ე წუთზე ჯაბა დვალის წაქცევისათვის გორელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, თუმცა ამჯერად ჩემპიონატის მთავარი ბომბარდირის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გახლდათ. ტაიმის ბოლომდე ზესტაფონელთა კიდევ უფრო დაწინაურება შოთა გრიგალაშვილს, თორნიკე გორგიაშვილსა და დავით მუჯირს შეეძლოთ, მაგრამ გორელები ხან ზესტაფონელთა უზუსტობამ გადაარჩინა, ხან მეკარე ბექა შეყრილაძემ, ხანაც მათივე კარის ხარიხამ...

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გათანაბრდა - ზესტაფონელთა საჯარიმოში ალექსანდრე გურულის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა 55-ე წუთზე გოლად თავად დაზარალებულმა აქცია. ამის შემდეგ თამაში ისევ იმერელთა შეტევების "აკომპანემენტის" თანხლებით წარიმართა, გორელები კი იმერელთა კონტრშეტევაზე დაჭერას ცდილობდნენ...

 

მატჩის ბედი არბიტრ თორნიკე გვანცელაძის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გადაწყდა - თორნიკე აფციაურის მიერ ცენტრიდან წამოწყებული შეტევა გორელთა საჯარიმოში იომი ოვონიკოკოზე გაკეთებული გადაცემითა და ამ უკანასკნელის მარგველთ კაპიტნისათვის დროულად დაბრუნებული გადაცემით გაგრძელდა - "აფციკას" უძლიერესად დარტყმული ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და შემდეგ მასპინძელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. ზესტაფონელთა რთული გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

თეიმურაზ შალამბერიძე (“დილას” მთავარი მწვრთნელი):ბიჭების შემართებით და საბრძოლო ჟინით ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი შედეგზე. “ზესტაფონი” ძალიან კარგი გუნდია, დღეს უპირატესობა მას ჰქონდა და დამსახურებულადაც მოიგო”.
გიორგი ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი):სიცხეში მოგვიწია თამაშმა და ბოლოს ფეხბურთელებს დაღლილობა დაეტყოთ. ხარისხი ნამდვილად ვერაა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ საბედნიეროდ, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოვახერხეთ”.

 

16.05.2012. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 20 მაისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის დასკვით და გადამწყვეტ შეხვედრაში მარგველები მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს უმასპინძლებენ.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005