14.05.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე მატჩი

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 14 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, თევდორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ბერაია (შარვაძე, 68), ჭანტურიშვილი, ფირუზაშვილი, წინამძღვრიშვილი (ხუჯაძე, 81), კვერნაძე (ღირდალაძე, 47), ლომია.

 

ცხინვალის ”სპარტაკის” და ”ზესტაფონის” დუბლიორთა დაპირისპირება თბილისში, ხელოვნურსაფარაინ სტადიონ "ბენდელაზე" გაიმართა.

თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ნახევრის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს სათამაშო და ტერიტორიული ინიციატივა და 40-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მარგველებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. ტაიმიც მათივე მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და ასეთ გახსნილ თამაშში ბედმა ცხინვალელებს გაუღიმათ - 70-ე წუთზე გიორგი ჭოხონელიძემ ზესტაფონელთა შეცდომით კარგად ისარგებლა და ანგარიში საყაიმო გახადა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი სტუმართა უდიდესი უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს "სპარტაკის" კართან, რამდენიც რამდენიმე შეხვედრას ჰყოფნიდა, მაგრამ, ცხინვალელთა გასახარად, ვერცერთი საგოლე კომბინაციის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ვერ შეძლეს და მატჩი დასრულდა ფრედ 1-1.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005