12.05.2012

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" ისევ გაპირველდა

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთორმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩემპიონობისათვის მებრძოლმა ”ზესტაფონმა” ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლა.

 

სტადიონზე მოსული ქომაგისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ "დავით აბაშიძეზე" ახლო წარსულში "ზესტაფონის" ფეხბურთელთა უჩა ლობჟანიძისა და ნიკოლოზ გელაშვილის ხილვა. უკრაინული "კრივბასის" მცველი და გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელი ზესტაფონში ყოფილ თანაგუნდელთა საქომაგოდ საგანგებოდ ჩამოვიდნენ და ადგილობრივ გულშემატკივართაგან თავის წილი ოვაციაც მიიღეს.

მატჩი კი მასპინძელთა უპირატესობით და მათივე იერიშებით დაიწყო, თუმცა ანგარიში მხოლოდ 31-ე წუთზე გაიხსნა - თორნიკე გორგიაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე დავით მუჯირი გაიყვანა და ამ უკანასკნელის საკმაოდ მახვილი კუთხიდან დარტყმული ზუგდიდელთა გოლკიპერ  არჩილ მაქაცარიასთვის აუღებელი გამოდგა. 38-ე წუთზე მასპინძლები უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა შოთა გრიგალაშვილმა უზუსტესი გადაცემა გაუკეთა თორნიკე გორგიაშვილს, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში მოვლენები მოულოდნელი სცენარით წარიმართა - შესვენების შემდეგ მოედანზე შესული ზუგდიდელი ლაშა კუკავა 58-ე წუთზე ზესტაფონელ მცველებს გაექცა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ კი ზესტაფონელთა უპირატესობა აშკარა გახდა და რამდენიმე გაცუდებული ეპიზოდის შემდეგ, 72-ე წუთზე, შოთა გრიგალაშვილის კიდევ ერთი საგოლე გადაცემის შემდეგ, ჯაბა დვალმა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში თავის მე-19 გოლით გაახარა გულშემატკივარი. 79-ე წუთზე კი ლუკა გუგუჩიას ზესტაფონელთა რიგებში გატანილი სადებიუტო გოლის ჯერიც დადგა - საფეხბურთო კლუბ "ბაიას" აღზრდილმა თავის ყოფილი კლუბის კარი ულამაზესი დარტყმით დალაშქრა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1 და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს" სადღეისოდ ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ, საქართველოს 2011-2012 წლის XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, ჩემპიონატს ისევ იმერლები ლიდერობენ.

12.05.2012 - ”ზესტაფონი” - ”ბაია” (ზუგდიდი)

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მორიგ, მეორე ეტაპის მეცამეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 16 მაისს გამართავს - ზემოიმერლები გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” ესტუმრებიან.

 

რეზო სვანიძის ფოტოები
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005