ინტერვიუ დავით მუჯირთან
დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონობა გვეკუთვნის
საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, ზოგი ჩემპიონობისთვის იბრძვის, არიან კლუბები, რომლებიც ევროპის ლიგის საგზურისკენ ისწრაფვიან, ზოგიერთები კი უძლიერესთა რიგებში დარჩენისთვის იღრწვიან.
ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონია", რომელმაც მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა უკანასკნელ ტურებში რამდენიმე მატჩში წაიფორხილა და ახლა უშუალო კონკურენტ "მეტალურგს" ორი ქულით ჩამორჩება.
გუშინ, იმერელთა გამოცდილ ფეხბურთელს, დავით მუჯირს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ, საუბარი ბოლო ტურში, "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" თამაშით დავიწყეთ:
- "მეტალურგთან" მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებოდით, მათთან სათამაშოდ მობილიზებულები გავედით, ვიცოდით რა მნიშვნელობის მატჩი იყო. მანამდე ორი თამაში წავაგეთ, რაც პირველი ადგილის დაკარგვით დაგვიჯდა. რუსთაველებთან შეხვედრა ბოლო შანსი იყო და ამ მატჩით დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონობა გვეკუთვნის. მეტოქე ყველა კომპონენტში დავჩაგრეთ, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ და სამართლიანად გავიმარჯვეთ.
იგივე მოხდა თასის გათამაშებაზეც - ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში "მეტალურგი" მისსავე მოედანზე დავამარცხეთ და ფინალში გავედით. ბოლო მატჩებში ქვემოქართლელებს საკუთარ კედლებში ორჯერ მოვუგეთ, ამ ფაქტიდან ყველაფერი ნათქვამია.
ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლოა განსაკუთრებით ჩვენ დავზარალდეთ, არადა ყველაზე ნაკლები ქულები გვაქვს დაკარგული, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ, თითქმის მთელი სეზონი ვლიდერობდით პირველობას, ყველაზე მეტი ქულა ჩვენ დაგვაკლეს და ახლა "მეტალურგია" პირველ ადგილზე. ისე გამოდის, რომ დარჩენილ შეხვედრებში სხვა გუნდებზეც ვართ დამოკიდებულნი. მართალია, წინ სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ იმედი მაქვს გუნდები ფეარ-პლეის პრინციპებს დაიცავენ და ბოლომდე იბრძოლებენ.
- თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "ზესტაფონი" ბოლო დროს სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმეთ....
- "ზესტაფონი" შარშანდელი ჩემპიონია, ჩვენს წინააღმდეგ ყველა მოტივირებული გამოდის და რა თქმა უნდა, ეს კარგია. კონკურენციის გარეშე გუნდები ვერ გაიზრდებიან, ფეხბურთელები სათამაშო კლასს ვერ აიმაღლებენ. მთელ სეზონს დანაკარგის გარეშე ვერ გაივლი, შეიძლება იყო მცირე ჩავარდნა, მაგრამ ჩემპიონობას ჩვენ ვიმსახურებთ.
მუსირებს აზრი, რომ ჩემპიონატის რეგლამენტი "მეტალურგმა" უკეთ გათვალა და ახლა სწორედ ისინი არიან პირველ საფეხურზე, მაგრამ ამ აზრს ვერ დავეთანხმები. რამდენიმე დღის წინ, როდესაც "მეტალურგს" მისსავე მოედანზე მოვუგეთ, მეტოქე ფსიქოლოგიურად უკეთეს სიტუაციაში იყო, ბევრი რამე მათ სასიკეთოდ მოხდა, მაგრამ ვიპოვეთ ძალები და ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ.
- ახლა, თქვენსა და "მეტალურგს" შორის 2 ქულიანი სხვაობაა, კალენდარს რომ გადავხედოთ, თქვენ შედარებით იოლი მატჩები გაქვთ დარჩენილი. შანსებს როგორ შეაფასებთ?
- დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა უპირატესობა მეტოქის მხარეზეა და გაჩემპიონების შანსები მათ მეტი აქვთ, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში ვეცდებით ყველა მატჩში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ.
- წლეულს ისე მოხდა, რომ საჩემპიონო რბოლაში ვერ ჩაერთო თბილისი "დინამო". რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის?
- რა თქმაა უნდა, მოულოდნელი იყო, მიკვირს რატომ მოხდა ასე. სამწუხაროდ, "დინამო" გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, თუმცა იმედი მაქვს მომავალში გამოასწორებენ მდგომარეობას. "დინამოში" ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ გუნდმა სასურველი ფეხბურთი ითამაშოს, მწვრთნელსაც მოძებნიან და მალე ალბათ ყველაფერი დალაგდება. "დინამოში" დიდი ინვესტიციები იდება, კლუბის პრეზიდენტი მაქსიმუმს აკეთებს გუნდის საკეთილდღეოდ. მინდა, რომ როგორც "დინამომ, ასევე "ტორპედომ" და დანარჩენმა სხვა ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე კარგად წარმოაჩინონ თავი. ყველას წარმატებას ვუსურვებ.
- ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას კარიერის დასრულება უწევს. თუ გიფიქრიათ, ფეხბურთის თავის დანებების შემდეგ რას გააკეთებთ?
- სანამ ძალ-ღონე მექნება და თამაშს შევძლებ, ფეხბურთს მანამდე ვითამაშებ. როდესაც შევატყობ, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა აღარ შემიძლია, ფეხბურთიდანაც წავალ. შეიძლება ახლა არ ვარ სასურველ სპორტულ ფორმაში, შესაძლოა ასაკის ბრალიცაა, მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ფეხბურთის თავის დანებების შემდეგ რას გავაკეთებ, მაგრამ სავარაუდოდ ისევ ფეხბურთში დავრჩები.
- და ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ - თემურ ქეცბაიასთან პრესისა და ტელევიზიის საშუალებით კამათი გქონდათ, ხომ არ შეხვედრილხართ ერთმანეთს?
- ვფიქრობ, აზრის გამოხატვის საშუალება ყველა ადამიანს აქვს. თემურთან არანაირი პრობლემა არ მქონია, უბრალოდ ნაკრებთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი მოსაზრება. მინდა ქართულ ფეხბურთს უკეთესი მომავალი ვუსურვო. წარმატებები, როგორც უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარცევ ციკლში!
|