ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან
ბევრისგან გაიგონებთ, ამ დროისთვის საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ზესტაფონი" თამაშობსო. შეიძლება ითქვას, რომ ეს საყოველთაო აზრია. "ზესტაფონიც", ისევე როგორც ნებისმიერი კარგი გუნდი, მწვრთნელის აშენებულია, თუმცა შემოქმედების მთავარი ინსტრუმენეტები ფეხბურთელები არიან.
თამაშს იგებს ის, ვისაც უკეთესი ნახევარდაცვა ჰყავს - ცოტა არ იყოს, საკამათოა ეს სენტენცია, მაგრამ სინამდვილესთან მიახლოებული ნამდვილად არის. "ზესტაფონში" არაერთი კარგი შუახაზელი თამაშობს: თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე აფციაური, ზურაბ მენთეშაშვილი... არის კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელსაც თითქმის ყველა კარგი საფეხბურთო თვისება აქვს - ტექნიკა, პასის სიზუსტე, ძლიერი დარტყმა, თამაშის წაყვანის უნარი...
შოთა გრიგალაშვილის საფეხბურთო გზა თბილისის "დინამოდან" დაიწყო, როცა ივო შუშაკის გუნდი იშლებოდა და ახალი იქმნებოდა. ის 17 წლის იყო, "დინამოს" პირველი გუნდის ფეხბურთელი რომ გახდა. გრიგალაშვილმა საქართველოს უტიტულოვანეს კლუბში ორი წელი ითამაშა, მერე კი თითქოს ამოვარდა იმ რიტმიდან, რითაც უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ჯერ "ბორჯომში" გადავიდა, მერე კი ახალციხის "მესხეთში"...
"რაღაცნაირ, არეულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ალბათ ესეც საჭირო იყო იმისთვის, რომ მერე სწორი გზით მევლო. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, რომელ გუნდშიც წავედი, ყველგან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რაც მოხდა, ის გზა გასასვლელი იყო", - გვითხრა გრიგალაშვილმა.
"ზესტაფონში" გრიგალაშვილი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, თუმცა ბოლო პერიოდში შეცვლაზე უწევდა თამაში.
"კუნთი მქონდა დაჭიმული და "ტორპედოსთან" და "დინამოსთან" მწვრთნელმა, ალბათ, იმიტომ არ გამამწესა ძირითადში, რომ ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი. წინა ტურში "მეტალურგთან" კი ჭიაბრიშვილმა თავიდანვე გამომიცხადა ნდობა და ალბათ, მეც გავამართლე მისი იმედი", - განგვიმარტა შოთამ.
"ზესტაფონმა" რუსთავის "მეტალურგს" 2:0 მოუგო, პირველი გოლი გრიგალაშვილმა გაიტანა, ოსტატურად შეასრულა ყველაფერი. ამ გუნდებს შორის სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, ჩემიონატის დასრულებას ოთხი ტური უკლია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა მართლაც ეშხში შევიდა.
"ზესტაფონი" კარგი ფორით იყო მოკალათებული ცხრილის კენწეროში, მაგრამ ნელ-ნელა დათმო პოზიციები და ახლა უკვე მდევრის როლშია. რა მოხდა, რა დაემართა "ზესტაფონს"?
"ვერ გეტყვით, თუ რისი ბრალი იყო ეს, მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა არ ვიცით პასუხი ამ კითხვაზე. "მეტალურგთან" გამარჯვებაც ძალიან გვჭირდებოდა, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა და ჩვენი თამაში ვითამაშეთ. იმედია, "მეტალურგი" კიდევ დაკარგავს ქულებს, ჩვენ კი დარჩენილ თამაშებსაც მოვიგებთ".
ეს "ზესტაფონი" გია გეგუჩაძის ხელში ჩამოყალიბდა, სწორედ ამ მწვრთნელმა ათამაშა პირველად გრიგალაშვილი "დინამოშიც". ფეროელებს ახლა გია ჭიაბრიშვილი წვრთნის, საინტერესო ახალგაზრდა სპეციალისტი და გრიგალაშვილს იმაზეც ვკითხეთ, თუ რა სიახლეები შეიტანა ამ მწვრთნელმა გუნდში.
"მწვრთნელის შეცვლით მიმართულება არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ ჭიაბრიშვილსა და გეგუჩაძეს ერთი ხედვა აქვთ, თუმცა არის პატარა, ახალი დეტალები, რაც ჭიაბრიშვილმა შემოიტანა.
მაგალითად, ჭიაბრიშვილის ხელში ფლანგებიდან უფრო ვცდილობთ შეტევის გაშლას. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად რომ ვაგორებთ, ეს უკვე ყველამ იცის და მეტოქეებიც ცდილობენ, ამის მიხედვით გაგვიწიონ წინააღმდეგობა. შეტევის დროს ფლანგების გამოყენებაზე გეგუჩაძეც მიგვითითებდა, თუმცა ახლა ეს უფრო საჭირო გახდა".
გრიგალაშვილმა ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა რამდენიმე მატჩი და სატრანსფეროდ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს. კულუარებში უკვე ლაპარაკობენ მის შესაძლო ტარნსფერზე, "ლელოც" წერდა იმაზე, რომ გრიგალაშვილით ვლადიკავკაზის "ალანია" დაინტერესდა.
"ჩემთვის კონკრეტული წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს. ისე კი, უკვე 26 წლის ვხდები და დროა, უცხოეთში" წავიდე"...
ამასობაში წინ დგამს ნაბიჯებს შოთას უმცროსი ძმა ელგუჯა, ვინც ჯერ მარტვილის "მერანის" ფეხბურთელია, მომდევლო სეზონიდან კი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.
"ის ჩემზე უმცროსია და მისთვის საფეხბურთო თუ ცხოვრებისეული რჩევა არაერთხელ მიმიცია. ჩემს რჩევებს ყურს კი უგდებს, თუმცა ზოგჯერ იმას აკეთებს, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ და ეს ასეც უნდა იყოს.
კარგია, რომ "ტორპედოში" გადასვლით წინ წაიწია. მიმაჩნია, რომ ის ჩემზე ნიჭიერია".
იბეჭდება შემოკლებით ...
|