2012 წლის 6 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთერთმეტე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, ადგილობრივ ”მეტალურგს” დაუპირისპირდა.
სტადიონ "ფოლადზე" დღეს გამართულ დაპირისპირებას ინტრიგა და დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა - ერთმანეთის პირისპირ ხომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერები და მიმიდინარე პირველობის ოქროს ჩემპიონატის ფინიშისათვის შემორჩენილი პრეტენდენტები წარდგნენ. მასპინძლებს ამ შეხვედრაში უფრო მარტივი ამოცანა ჰქონდათ შესასრულებელი - ზემოიმერლებთან მატჩში მოპოვებულ ქულასაც კი შეეეძლო რუსთაველების წინაშე არსებული ამოცანის ძალიან გამარტივება, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩემპიონობის გაფორმება ქვემოქართლელთათვის უბრალო ფორმალობად იქცეოდა. სტუმრებს კი, მთავარი ქართული ტიტულის მოპოვებისათვის ბრძოლაში შანსების შესანარჩუნებლად, მხოლოდ მასპინძელთა დამარცხება ესაჭიროებოდათ.
შეხვედრის საწყისი წუთები პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა, გუნდები ბურთისა და ტერიტორიის დასაუფლებლად ბოლომდე იხარჯებოდნენ. თანდათანობით ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და ტაიმის მიწურულს ორი საგოლე ეპიზოდიც შექმნეს გრიგოლ ბედიაშვილის კართან - თორნიკე აფციაურის უძლიერასად დარტმყული რუსთაველთა კარის ზედა ძელმა მოიგერია, ხოლო ელიავა-გრიგალაშვილის სწრაფი ფლანგური შეტევისა და საჯარიმოს ცენტრის მიმართულებით გაკეთებული კარგი პასის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილს დარტყმა გაუცუდდა.
მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ისევ "პოზიციურ ბრძოლებში" გაილია. 70-ე წუთზე კი ზესტაფონელებმა ანგარიში გახსნეს - მოედნის ცენტრიდან ლევან შარიქაძის მიერ წამოწყებულ შეტევას თორნიკე აფციაურმა და ჯაბა დვალმა სათანადოდ აუბეს მხარი, ამ უკანასკნელის ზუსტი გადაცემის შემდეგ შოთა გრიგალაშვილი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა, რუსთაველთა მცველს გასცდა და ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში ოსტატური დარტყმით გადაგზავნა.
მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ქვემოქართლელები აიძულა მატჩის გადარჩენაზე ეზრუნათ, აქედან გამომდინარე კი თამაში გაიხსნა. გაჩაღდა "გატანილ გოლამდე" ფეხბურთი და ეს გოლი არბიტრ ხვიჩა გაგნიძის მიერ მატჩის ძირითად 90 წუთისთვის დამატებულ პირველ წუთზე ზესტაფონელებმა გაიტანეს - შოთა გრიგალაშვილმა სწრაფი იერიში წამოიწყო, რომელიც თორნიკე გორგიაშვილმა გააგრძელა და იომი ოვონიკოკო დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, ამ უკანასკნელის დარტყმა გრიგოლ ბედიაშვილისათვის აუღებელი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი იომისათვის უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელთა რიგებში გატანილი სადებიუტო გოლი გახლავთ. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
იმის მიუხედავად, რომ "მეტალურგი" კვლავაც ლიდერობს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს, დღევანდელ მეტოქეთა მიმდინარე სეზონში გამართულ პირად შეხვედრებში იმერლებს რუსთაველები აშკარად დაჩაგრული ჰყავთ - ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში გამართულ 6 შეხვედრაში იმერლებმა 4 მოიგეს, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გია ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონი”) – “ძალიან რთული მატჩი იყო. ვეთამაშებოდით ჩემპიონატის ლიდერს - ძალიან ძლიერ გუნდს. ჩვენ სრული უპირატესობა გვქონდა, რაც გატანილ გოლებში ავსახეთ. გამარჯვება მთლიანად ფეხბურთელთა დამსახურებაა. ისინი ანთებულნი იყვნენ და ამ დროს “ზესტაფონის” შეჩერება არათუ ქართულ გუნდებს, არამედ უცხოურებსაც უჭირთ ხოლმე. აქამდე გუნდი “ჩამქრალი” რომ იყო, დიდწილად ჩემი ბრალია. ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და ასეთ ძლიერ გუნდს პირველად ვუძღვები. თუ “ზესტაფონს” რაიმე “ჩავარდნა” აქვს, ჩემი ბრალია. “მეტალურგი” ჩვენზე წინაა და ახლა ჩვენ ვართ მდევრის როლში. თუ რაიმე შანსი დაგვიტოვა - გადავასწრებთ”.
კობა ჟორჟიკაშვილი (“მეტალურგი”) – “დავეთანხმები გიას - აშკარად გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან ამ გუნდში დიდი შრომაა გაწეული. “ზესტაფონი” ოპტიმალური შემადგენლობით იყო და კარგი ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ ასეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ. გრძელი სათადარიგო სკამი არ გვაქვს და ეს ჩვენს თამაშზე მოქმედებს. ვეცდებით, “ზესტაფონთან” ქულებში უპირატესობა შევინარჩუნოთ, თუმცა, ჩვენ უფრო რთული კალენდარი გვაქვს”.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 12 მაისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთორმეტე ტურის მატჩში მარგველები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლებენ.