14.03.2007

გრიგოლ ჭანტურია: ნაკრებშიც მოკარნახე ვარ ...

 

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის ”ოლიმპი” - ”ზესტაფონი”-ს შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეროელთა კარის დარაჯი გრიგოლ ჭანტურია იყო. რუსთაველებმა ქულის გადარჩენა ბოლო წუთზე შეძლეს, მანამდე კი ჭანტურიამ რამდენიმე რთული ბურთი აიღო და ”ზესტაფონმა” ლიდერს ქულები რომ აართვა, ჭანტურიას დიდი დამსახურებაცაა. კლაუს ტოპმიოლერმა კი ზესტაფონელ მეკარეს ნაკრებში ერთხელაც უხმო შოტლანდია - ფარერებთან მატჩებისთვის. ჭანტურიასთან საუბარი ”ოლიმპი” - ”ზესტაფონი”-ს შეფასებით დავიწყეთ

- ისეთი თამაში იყო, მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც. ფეხბურთში ხშირად ხდება, ერთ გუნდს აქვს უპირატესობა, მეორეს კი გოლი გააქვს. რუსთაველებს ჩვენზე მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ იქით გავუტანეთ და გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. ფრე მაინც ლოგიკური შედეგია. რაც შეეხება მსაჯობას, ჩვენს სასარგებლოდ ორი პენალტი უნდა დანიშნულიყო - ჯერ მიხეილ მახვილაძემ აშკარად ხელით ითამაშა საჯარიმოში, მერე კი გაგა ჩხეტიანი წააქციეს. გოლიც თამაშგარედან გაგვიტანეს.

- მატჩს კლაუს ტოპმიოლერიც დაესწრო. ეს შენთვის დამატებით სტიმული იყო?

- ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მეტი სტიმული რა გინდა, როცა ლიდერს ეთამაშები. ამ ქულით ჩვენ პირველობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და არა მგონია, ცუდი საჩემპიონო შანსი გვქონდეს. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა.

- სხვა მოწინავე ქართული გუნდებიდან ”ზესტაფონ”-ს რა გამოარჩევს?

- სამი წელიწადია, თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით ვთამაშობთ და უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ახალი თაობაც კარგი მოდის. ზესტაფონში თამაშზე საშუალოდ სამი ათასი კაცი დადის და ამითაც გამოვირჩევით.

- ვინ არის საქართველოში ყველაზე იმედისმომცემი მეკარე?

- საუკეთესო მონაცემები ნუკრი რევიშვილს აქვს. მისთვის ახლა სათამაშო პრაქტიკაა აუცილებელი. ყველა ღონე უნდა უხმაროს, რათა დამკვიდრდეს ”რუბინი”-ს ძირითად შემადგენლობაში, თუ არა და , სხვა გუნდი უნდა მოძებნოს. საქართველოს ჩემპიონატშიც არიან კარგი მეკარეები - ალავიძე, კოდალაევი, სეფიაშვილი. მათ ვურჩევ, ბევრი იშრომონ და აუცილებლად დაუფასდებათ.

- ნაკრებში შენი კონკურენტები გიორგი ლომაია და ნუკრი რევიშვილი არიან. როგორ გგონია, ტოპმიოლერი შოტლანდიასთან ან ფარერებთან განდობს კარს?

- რადგან გამომიძახა, შანსიც მაქვს. ტოპმიოლერი ყველას გვაძლევს თავის გამოჩენის საშვალებას.

- საქართველოს ჩემპიონატში შენი თამაში სტაბილურია, რასაც ნაკრებზე ვერ ვიტყვით. საერთაშორისო დონეზე ალბათ გამოცდილება გაკლია...

- ამას ვერ ვიტყოდი, საქართველოს ჩემპიონატში და ნაკრებშიც ერთნაირად ვკარნახობ მცველებს. უკრაინასთან და საფრანგეთთანაც იგივეს ვაკეთებდი, მაგრამ ვინაიდან ნაკრების თამაშს ბევრი გულშემატკიავრი ესწრება და დიდი ხმაურია, ხანდახან მცველებს არ ესმით ჩემი. საქართველოს ჩემპიონატს კი ცოტა მაყურებელი ჰყავს და მცველებსაც ადვილად ვაწვდენ ხმას. კარნახი კი გამოცდილებიდან მომდის.

გაზეთი ”სარბიელი”
   
FC ZESTAFONI © 2005