გიორგი ხიდეშელი: მგონია, მეორედ დავიბადე
"ზესტაფონმა" გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა - საქართველოს ჩემპიონი საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა. წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 78-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ: ტრავმირებული მამუკა კობახიძის ნაცვლად 65-ე წუთზე მოედანზე შესული გიორგი ხიდეშელიც დაშავდა, ამ დროისთვის კი მასპინძლებს ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ.
"ზესტაფონმა" დროულად გადაწყობა ვერ მოახერხა და ალეკო კოშკაძემ ზუსტად იმ პოზიციიდან გაიტანა, სადაც მარცხენა ცენტრალური მცველი უნდა მდგარიყო (იხილეთ ვრცლად).
მატჩის შემდეგ გიორგი უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესში იყო. 24 წლის ცენტრალური მცველი შარშან კიშინიოვში "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მოედანს ოპერაციისა და რვთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ "ზესტაფონის" მოთამაშე მძიმედ დაშავდა და რომ ამ ნიჭიერ ბიჭს კვლავ იძულებითი დასვენება მოუწევდა. საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ გამართლდა.
" "ზესტაფონს" მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და მოედანზე გაუხურებელი შევედი. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს პროფესიონალის საქციელი არ იყო, მაგრამ სხვა გზა არც მქონდა: კობახიძე დაშავდა და სასწრაფოდ უნდა შემეცვალა. თამაში და ჩემების დახმარება კი ისე ძალიან მინდოდა, მოედანზე დაუფიქრებლად შევედი და შეტევაში ჩავერთვე, გაუხურებელზე კი მუხლი შემიტრიალდა.
ვერ გადმოგცემთ, რა ხასიათზე ვიყავი. მეგონა, ტრავმა გამიმეორდა და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, კარიერა დავასრულე-მეთქი.
გამოკვლევამდე ნორმალურად ვერც დავიძინე, დილის 7 საათზე გამეღვიძა და რომ ვერ მოვისვენე, სიმწრისგან მანქანაში ჩავჯექი და ლამის მთელი თბილისი შემოვიარე.
ასე მგონია, ექიმის პასუხის შემდეგ მეორედ დავიბადე. მითხრეს, ჯვარედინი იოგები მცირედ დაზიანებულიც არ არისო, მგონი, ცხოვრებაში ასე არაფერი გამხარებია.
დიაგნოზს და სურათს ბელგიაში ჩემს მკურნალს, ექიმ მარტენს გავუგზავნი და საბოლოო პასუხიც მეცოდინება. მაგრამ უკვე ვიცი, რომ სერიოზული არაფერია", - ამბობს ხიდეშელი.
საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას "ზესტაფონის" მეორე ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძეც გადაურჩა. მას ექიმებმა მხოლოდ კუნთის დაჭიმულობა დაუდგინეს.
|