02.05.2012

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" - "დინამო" 0-1

 

 

 

 

 

 

2012 წლის 2 მაისს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. ”დავით აბაშიძეზე” ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამო” დაუპირისპირდნენ.

 

"დავით აბაშიძეზე” დაპირისპირებულ გუნდებს.ფაქტობრივად, ალტერნატივა არ გააჩნდათ. ჩემპიონატში დასახული მიზნის მისაღწევად ერთსაც და მეორესაც ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვება, ყველა სხვა შედეგი მათ მდგომარეობას ართულებმა და კონკურენტების წისქვილზე ასხავდა წყალს.

 

ბუნებრივია, მეტოქეებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ეს ამბავი და ზედმეტი შეგონება არც სჭირდებოდათ.
"ზესტაფონმა” პლეი ოფში არცთუ დამაჯერებელი თამაშით ბევრი ქომაგი გაანაწყენა. ამის ნათელი დადასტურება ნახევრადცარიელი ტრიბუნები გახლდათ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მასპინძლებს მთელი თამაშის განმავლობაში მაინც არ მოჰკლებიათ მხარდაჭერა, ვალში არც "დინამოს” ფანები რჩებოდნენ, ისინიც ომახიანად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს.


უპრინციპულესი მატჩის დებიუტი გუნდებმა პოზიციურ ბურთაობას დაუთმეს და ტემპს თანდათან უმატეს. საიერიშოდ პირველებმა დინამოელებმა მოიცალეს. მე-13 წუთზე ჩისკო-რობერტინიო-ძარიას კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა. ირაკლის ყოფილი თანაგუნდელების დამწუხრება შეეძლო, მაგრამ კარისკენ სუსტად გაგზავნა და როინ კვესხვაძე იოლად დაეუფლა ბურთს.


21-ე წუთზე დავით ოდიკაძემ მარჯვნიდან შეუტია და სახიფათოდაც ჩააწოდა მასპინძელთა საჯარიმოში, მაგრამ ამ თამაშზე წინახაზელად გამწესებული ალვარო მაღალ ბურთს დასარტყმელად ვერ შეწვდა. აქედან მოყოლებული შესვენებამდე ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ. ზუსტად შუა ტაიმში "დინამოს” საჯარიმოში ოვონიკოკომ რბილად დაუგდო ბურთი თორნიკე გორგიაშვილს, რომელმაც დარტყმას ძალა ვერ დაატანა, თანაც პირდაპირ გიორგი ლორიას დაუმიზნა. ორ წუთში გორგიაშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა დაბალ კუთხეში მაგრამ მცირედით ააცილა ძელს.


"დინამო” სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს და 32-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმოს კუთხიდან სახიფათოდ გაისროლა კვასხვაძის კარისკენ, თუმც მიზანს ვერ უწია. 37-ე წუთზე ზესტაფონელებმა შეუტიეს, სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქნა, ოვონიკოკომ მოახერხა კარისკენ დარტყმა, ბურთი ლევან ხმალაძეს მოხვდა და... ოვონიკოკო არბიტრს ანიშნებდა-ხელზეო, მაგრამ ჯენერი ხორავამ კუთხურისკენ მიათითა. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ტრიბუნებზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ზესტაფონელი ქომაგი ნელ-ნელა დაცხრა, ამასობაში ოვონიკოკომ დინამოელი მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ვერ ისარგებლა, მას ახლოდან გაუცუდდა დარტყმა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე დინამოელები აშკარად გადაურჩნენ გოლს და ამას გიორგი ლორიას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ჯაბა დვალის მიერ დაბალ კუთხეში მოჭრილად დარტყმულზე რეაგირება მოახდინა და ნახტომში კუთხურზე გადააგდო ბურთი.


თამაშის განახლების შემდეგ დაახლოებით 15 წუთი უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. ისინი სწრაფად, ორგანიზებულად გადადიოდნენ შეტევაზე და ხშირადაც აბნევდნენ ზესტაფონელთა დაცვას. 49-ე წუთზე ძარიამ კუთხურის უფლება მოიპოვა. ნიკა კვეკვესკირმა მარცხნიდან ჩააწოდა. მეკარის ბაქნის შორეულ კუთხესთან მყოფმა რეხვიაშვილმა შეუჩერებლივ გაგზავნა კარისკენ, მიწიდან ავარდნილი ბურთი ხარიხამ აისხლიტა. ხუთ წუთში ალვარომ ზუსტი გადაცემით კვასხვაძესთან პირისპირ გაიყვანა ჩისკო. მეკარე თავგანწირვით ჩაუვარდა ფეხებში დინამოელს და სიტუაციაც განიმუხტა.


65-ე წუთი. ისევ ვნებათაღელვა ტრიბუნებზე და არბიტრის მიმართ შეურაცხყოფელი შეძახილები. შეტევაში ჩართულმა ზესტაფონელთა მარჯვენა მცველმა თემურ ღონღაძემ კარის ხაზამდე ჩააღწია და საჯარიმოსკენ გაჭრა, ბურთი ახლაც ხმალაძეს მოხვდა, ჩანდა, რომ ხელზე, არბიტრმა; კუთხურიო...


72-ე და 77-ე წუთზებზე ჯაბა დვალი ჯერ თორნიკე აფციაურის, შემდეგ კი შოთა გრიგალაშვილის გადაცემებს გამოეხმაურა სახიფათო თავური დარტყმებით, მაგრამ უშედეგოდ.


მერე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ მოედანზე. შეცვლაზე შესულმა გიორგი ხიდეშელმა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ათ წუთზე მეტი ზესტაფონელები უმცირესობაში თამაშობდნენ. ეს ფაქტორი გადამწყვეტი გამოდგა. სტუმრები ბოლო წუთებში აქტიურად უტევდნენ. 87-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძის პასით გიორგი მერებაშვილი ზესტაფონელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კვასხვაძე ჩინებულად გაისარჯა. მასპინძელთა კიპერმა მატჩის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზეც მოიგერია მერებაშვილის მიერ ახლოდან დარტყმული, მაგრამ რად გინდა, მცველებმა ჩათვლიმეს, დამატებაზე კოშკაძემ ითამაშა და 0:1.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

ნესტორ მუმლაძე (“დინამო”) – “ყველაფერი ვიღონეთ გასამარჯვებლად. თამაშის ბოლოს მეტოქე 10 კაცით დარჩა და ამით ვისარგებლეთ. ძალიან საჭირო 3 ქულა მივითვალეთ. დღევანდელი მატჩის შემდეგ "დინამოს” სამეულში მოხვედრა რეალური შეიქნა. ყველა დინამოელს მადლობას ვუხდი თავდადებისათვის”.
გია ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონი”) – “ განსაკუთრებულად არ გვითამაშია, მაგრამ მარცხს მაინც არ ვიმსახურებდით. ჯერ ერთი ცენტრალური მცველი დაგვიშავდა, მერე მეორე, უმცირესობაში დავრჩით და ვერ გავძელით. შევეცდებით დარჩენილი თამაშები მოვიგოთ”.

 

იუზა კაციტაძე, www.worldsport.ge

 

02.05.2012 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 0-1

დაწვრილებით:

 

შემდეგ მატჩს ზესტაფონელები კვირას, 6 მაისს რუსთავში გამართავენ. ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მორიგი მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” ესტუმრებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის ფოტომასალა
   
FC ZESTAFONI © 2005