დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე მატჩი
2012 წლის 30 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თევდორე გრიგალაშვილი, შარვაძე, ჯიქიძე (ეგუტიძე, 81), გაგოშიძე, გაჩეჩილაძე, ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, ხუჯაძე (გოგინაშვილი, 60), სამუშია (შილაკაძე, 68), კვერნაძე.
”ვიტ-ჯორჯიას” და ”ზესტაფონის” დუბლიორთა დაპირისპირება მცხეთაში, სტადიონ ”მცხეთა-პარკის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. დისკვალიფიკაციის გამო სტუმრებს საბა ლომია, მირიან რობაქიძე და დიმა ჯუღელი აკლდათ. ამ ისედაც სერიოზულ დანაკლისს უშუალოდ მატჩის წინ ზურა ღირდალაძის გამოკლებაც დაემატა...
თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ნახევრის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს სათამაშო და ტერიტორიული ინიციატივა და ვახტანგ ჭანტურიშვილმა გოლიც გაიტანა, თუმცა ასისტენტის სათანადო სიგნალის შემდეგ მატჩის არბიტრმა შოთა ქუხილავამ ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ტაიმიც უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და ასეთ გახსნილ თამაშში ბედმა სტუმრებს გაუღიმათ - 63-ე წუთზე გურამ სამუშიას მიერ გატანილი გოლის წყალობით მარგველებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.
ახალგაზრდა ვეტერინარებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე მათ ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცათ - ვახტანგ ჯაყელს პენალტის შესრულების უფლება მიეცა, თუმცა მისი შესრულებაზე გათვლილი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მატჩის დასკვნით ნაწილში გუნდები ბედს ისევ შეტევაში ეძიებდნენ და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ზესტაფოონელთა მეორე გოლმა საბოლოოდ არ გაარკვია დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა - 83-ე წუთზე გოლი ავთო ეგუტიძემ გაიტანა. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|