28.04.2012

 

 

 

 

 

მორიგი იმერული დერბი

 

 

 

 

 

 

28 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეცხრე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მედლებისათვის მებრძოლმა ქუთაისის ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

მორიგი იმერული დერბი, ჩვეულებისამებრ, დაძაბულ და უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის დაწყებისთანავე მასპინძლებმა საბანაძე-კუხიანიძის სახიფათო კომბინაციით გაამწვავეს თამაში. თავის მხრივ, სტუმრებმა ბურთისა და ტერიტორიის დაუფლება სცადეს და დვალი-ოვონიკოკოს სწრაფი კომბინაციის შემდეგ ანგარიშის გახსნა მათაც შეეძლოთ, თუმცა არაზუსტი დარტყმის გამო მომენტი დაიკარგა. ქუთათურთა პირველივე საპასუხო შეტევა კი ზემოიმერელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა - 12-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის აქტიურობას ზესტაფონელთა საჯარიმოში მცირე არეულობა მოჰყვა, რიკოშეტის შედეგად ბურთი როინ კვასხვაძის კარის ხარიხას მოხვდა და კარის წინ ეულად მდგომ გიორგი კუხიანიძესთან აღმოჩნდა, ამ უკანასკნელის თავით დარტყმულს კი ხელს ვეღარავინ შეუშლიდა.

ტაიმის დარჩენილი ნაწილი სტუმრებმა მასპინძელთა ნახევარზე გაატარეს და 37-ე წუთზე აფციაური-გორგიაშვილის საფირმოდ ქცეულ ლამაზ და სწრაფ კომბინაციას ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან იქმნებოდა. თავის გუნდის სასარგებლოდ მატჩის შემოტრიალების შანსები შოთა გრიგალაშვილსა და ზურაბ მენთეშაშვილს მიეცათ, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერი ომარ მიგინეიშვილი ტრადიციულად საიმედოდ ასპარეზობოდა.

მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი ქუთაისელებმა შეტევაში გართული ზესტაფონელები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ნიკა ფირცხალავას მიერ გატანილი გოლის წყალობით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს 2-1. ზესტაფონელები კი ამასობაში სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურამდე დაქვეითდნენ.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გიორგი ჭიაბრიშვილი („ზესტაფონი“):"როგორც მოველოდით, დაძაბული თამაში გამოვიდა. მატჩისათვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი რამ არ გამოგვივიდა. რთული თამაში იყო და ვინც მტკიცე ხასიათს გამოავლენდა, ის გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, ის ჰანდიკაპი, რომელიც გვქონდა გავანიავეთ. ეტყობა ნაადრევად ვირწმუნეთ ჩემპიონობა და მოვდუნდით. მართალია, ბევრი ამბობს, რომ “ზესტაფონმა” ჩემპიონობა დაიმსახურაო, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი – ვინც საბოლოოდ პირველ საფეხურზე დაასრულებს ჩემპიონატს, ღირსეული ჩემპიონიც ის იქნება".

გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): დრამატული და ემოციებით დატვირთული მატჩი იყო. დავეთანხმები გიას, ეს ნამდვილად ხასიათის მატჩი იყო, რომელშიც “ტორპედომ” იმარჯვა. მართალია, “ვწუხვარ”, რომ “ზესტაფონს” ლიდერობა დავაკარგვინეთ, მაგრამ გამარჯვება ჩვენი გუნდისათვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. ჩვენს გუნდს კიდევ ბევრი რამ აქვს შესაძენი მეტი სტაბილურობისთვის".

 

28.04.2012 - ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 2-1

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 მაისს შინ გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მორიგი, მეათე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005