28.04.2012

 

 

 

 

 

ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან

ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს

 

 

 

 

 

 

ტურის მთავარი მატჩი ქუთაისშია. "ზესტაფონს" რთული პერიოდი ჰქონდა, ჩემპიონატის ზედიზედ ოთხ თამაშში ვერ მოახერხა გამარჯვება, რის შემდეგაც წინა ტურში გატეხა ნავსი და ფოთის "კოლხეთი" 2:1 დაამარცხა.

"ზესტაფონი" რომ ყველაზე შეკრული გუნდია, ამას ბევრი სპეციალისტი აღიარებს. არც ის უნდა იყოს საკამათო, რომ ბოლო დროს ამ გუნდში მკვეთრად დაწინაურდა 24 წლის თორნიკე გორგიაშვილი, ვინც ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრება.

გორგიაშვილის თამაში 28 აპრილს გასამართ შეხვედრაშიც მნიშვნელოვანი იქნება, ის ხომ "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია...

 

- "ზესტაფონმა" თითქოს დათმო პოზიციები, თქვენი გუნდის ჩემპიონობა ახლა ერთობ სათუოა. რა მოხდა, რისი ბრალი იყო წარუმატებლობების სერია?
- რაც მოხდა, მოტივაციის ნაკლებობის ბრალი ნამდვილად არ იყო. თითქოს ჩავარდნა გვქონდა, ეს რაღაც პერიოდში ყველა გუნდს ემართება. ნელ-ნელა შევდივართ ფორმაში და უწინდელ კონდიციებს ვუბრუნდებით.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში საქმე გაგვირთულდა, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმს უნდა მივაღწიოთ.

- მეტოქე ქუთაისის "ტორპედოა", რომელსაც პლეი ოფის პირველ შეხვედრაში შინ 0:0 ეთამაშეთ - "ტორპედო" "ზესტაფონისთვის" უხერხული მოწინააღმდეგე ხომ არ არის?
- "ტორპედო" უდავოდ რთული მეტოქეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შინ თამაშობს. კარგად გვესმის, რომ რუსთავის "მეტალურგი" ახლა თავის შანსს ელოდება, ამიტომაც მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ ქუთაისში.

- ზესტაფონელი გულშემატკივრები, ცხადია, ბლომად იქნებიან ტრიბუნებზე...
- ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, ყველა გასვლით თამაშზე დადიან და იმედია, ახლაც არ მოგვაკლებენ მხარდაჭერას. გულშემატკივრის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შეხვედრაში.

- "ზესტაფონს" ადრე უფრო მეტი გოლი გაჰქონდა, ხშირად იგებდა მატჩებს დიდი ანგარიშით. გუნდის თამაშის სტილი ახლაც შემტევია, მაგრამ...
- ბოლო დროს რაღაც დაგვემართა... მეც თითქმის ყველა თამაშში ორი-სამი საგოლე შანსი მეძლევა და ვერ ვიყენებ. ახლა ჩვენი გუნდის მეგოლე ჯაბა დვალია.

- "ზესტაფონიდან" ნიკა გელაშვილის წასვლაც ალბათ არ იყო პატარა დანაკლისი....
- თავდასხმისთვის და მთლიანად "ზესტაფონისთვის" გელაშვილი ძალიან დიდი ძალა იყო. ალბათ ამის ბრალიც არის, რომ უწინდელივით ბევრი გოლი ვეღარ გაგვაქვს.

- "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი რა კონკრეტულ დავალებას გაძლევს, რა არის შენი მთავარი ფუნქცია გუნდში?
- დაცვითი ფუნქციებისგან განთავისუფლებული არ ვარ, მაგრამ უფრო შეტევა მევალება. საგოლე გადაცემა და გოლის გატანა - მწვრთნელის მთავარი დავალება ეს არის, შემტევ შუახაზელად ვითვლები.

- თქვენი გუნდის შენება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ამ "ტორპედოსი" - ალბათ ეს არის "ზესტაფონის" მთავარი კოზირი ამ მატჩში...
- მართლაც დალაგებული, კარგად ორგანიზებული გუნდი ითქმის "ზესტაფონზე". ერთსულოვნება, გუნდური თამაში და შეტევა - ეს უნდა იყოს ჩვენთვის გამარჯვების მომტანი. გია გეგუჩაძე "ზესტაფონის" ყოფილი მწვრთნელია და ჩვენზე ყველაფერი კარგად იცის... ვნახოთ, ბიჭები ჯანზე ვართ და იმედია, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ იქნება.

 

გამოყენებულია ფოტო საიტიდან www.uefa.com

დავით თავართქილაძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005